კოკა-კოლა კვლავ მრავალჯერად მინის ბოთლებზე გადადის იმ ბაზრებზე, სადაც ინფლაციის გამო ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამეწარმეო ხარჯების შესამცირებლად მრავალჯერადი გამოყენების მინის ბოთლები კომპანიისთვის უფრო ხელმისაწვდომია.
ამასთან, კომპანია გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს, რომ სამომხმარებლო მოთხოვნა შესაძლოა, შემცირდეს, რადგან „ყოვლისმომცველ ინფლაციას კლების ნიშანი არ ეტყობა.“
გაზიან სასმელებსა და სხვა შეფუთულ საკვებზე მოთხოვნა ისევ მაღალია, ფასების ზრდის მიუხედავად, რაც მაღალი სამეწარმეო ხარჯით არის გამოწვეული, ალუმინის ქილებით დაწყებული, შაქრით, შრომითა და ტრანსპორტით დამთავრებული. თუმცა Coca-Cola-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს ქუინსი ამბობს, რომ მოთხოვნის მდგრადობა სამუდამოდ არ გაგრძელდება.
„მე არ ველოდები, რომ ფასის ელასტიურობა მომავალში არაელასტიური იქნება. მოველი, რომ ელასტიურობა რაღაც მომენტში გაიზრდება. იქნება ეს მომდევნო კვარტალში თუ მომავალ წელს, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ,”- აცხადებს ქუინსი.
მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის მოსალოდნელი შემცირებისთვის მზადების პროცესში, Coca-Cola ლათინური ამერიკისა და აფრიკის განვითარებად ბაზრებზე მრავალჯერადი გამოყენების მინის ბოთლებზე გადადის. კომპანია მინის ბოთლებზე დაბრუნების ექსპერიმენტებს, ასევე, ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ შტატებში ატარებს.
Coke-ის სუფთა შემოსავალი პირველ კვარტალში 16%-ით, 10,5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო დილის ვაჭრობაზე მისმა აქციებმა 1,6%-ით მოიმატა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთში ოპერაციების შეჩერება, წლიურ მოგების მხრივ, თითო აქციაზე 4 ცენტით, ხოლო წლიურ სუფთა შემოსავალზე, დაახლოებით, 1%-დან 2%-მდე მოახდენს გავლენას.
Refinitiv-ის მონაცემებით, პირველი კვარტლის მოგებამ აქციაზე 64 ცენტი შეადგინა, რამაც შეფასებულ 58 ცენტს გადააჭარბა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ