გოგოები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - თბილისი PechaKucha ღონისძიებას კიდევ ერთხელ მასპინძლობს

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის შესახებ PechaKucha Night Tbilisi-ს მე-17 ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების მიმდინარეობისას ICT ინდუსტრიაში დასაქმებული 6 სპიკერი ქალი აუდიტორიას იმ გამოწვევებზე მოუყვება, რომლებსაც გოგოები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აწყდებიან. არაფორმალურ გამოსვლებში ისინი დამსწრეებს საკუთარ ისტორიებსა და ბარიერების დაძლევის შთამბეჭდავ ამბებსაც გაუზიარებენ. სპეციალური სტუმრის სტატუსით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ბიზნესმენტორი და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ტრენერი ლინდა პერეირა, რომელიც არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. იგი აუდიტორიას ბიზნესში წარმატების მიღწევის 5 სტრატეგიას გააცნობს.

სპიკერები:

ლინდა პერეირა - ლინდა L&I Communications Group-ის უფროსი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორია. ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი შეხვედრების ინდუსტრიაში. ახლახან დასახელდა მსოფლიოს 100 ქალ ლიდერს შორის. ის არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და უამრავი მთავრობის მრჩეველი სხვადასხვა კონტინენტზე. ლინდა არაერთი პრესტიჟული ჯილდოსა და აღიარების მფლობელია და ცნობილია, როგორც ტექნოლოგიების სფეროში ქალების ჩართულობის დიდი მხარდამჭერი.

ლოლიტა რურუა - ლოლიტა ეკონომიკის მაგისტრი და ლიბერთიში რისკების დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერია. მისთვის ამ საქმიანობის ყველაზე ამაღელვებელი ასპექტი ის არის, რომ კომპანია მის მიერ გაანალიზებული მონაცემების საფუძველზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. ლოლიტას კიდევ ერთი საყვარელი საქმიანობა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, ამიტომ სხვადასხვა უნივერსიტეტში სტუდენტებს ალბათობას, მაკროეკონომიკასა და ეკონომიკას ასწავლის.

ნინო ძამაშვილი - 9 წელზე მეტია, ნინო IT პროექტებსა და პროდუქტებს მართავს. ის IT პროექტების მენეჯერი და მენტორია საერთაშორისო IT კომპანია Quantori-ში. ამჟამად ნინო კავკასიის უნივერსიტეტის IT მენეჯმენტის მაგისტრანტია, საბაკალავრო განათლებითა და პირველადი პროფესიით კი ბანკირია.

მაიკო სვანიძე - მაიკო კომპანია 42digital-ის კიბერუსაფრთხოების ინჟინერია. მისი საქმიანობის მიზანია, კომპანიის კლიენტებსა და მათ თანამშრომლებს უსაფრთხო, დაცული და კომფორტული ციფრული სამუშაო სივრცე შეუქმნას კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გადაწყვეტილებების დანერგვითა და ოპტიმიზაციით. მაიკოს სჯერა, რომ განვითარება, ახალი გამოცდილებების მიღება და პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ადამიანმა არასდროს უნდა შეწყვიტოს.

მარიშა გოგოლაური - მარიშა სტარტაპ Upway-ის თანადამფუძნებელია. Upway მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ და დარეგისტრირდნენ სასურველ საგანმანათლებლო თუ სამოყვარულო კურსებზე ან გასართობ წრეებზე, მარტივად შეისწავლონ რაიმე ახალი და განივითარონ კარიერა. მეორე მხრივ კი, კურსების მწარმოებლებს ეხმარება, ბიზნესი უკეთ წარმართონ და ფართო აუდიტორიას მისწვდნენ. მარიშას ბიზნესების მხარდამჭერი პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ქეთევან კაკაბაძე - ქეთევანი მონაცემთა მეცნიერია აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს კორპორაციაში, Caterpillar-ში. ის მონაცემებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობს. მონაცემთა სფეროთი დაინტერესებამდე კი ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით მუშაობდა 9 წლის განმავლობაში. ძალიან უყვარს მოგზაურობა, ლაშქრობა და ხელოვნება.

თაკაკა აბრამია - თაკაკა ციფრული პროდუქტებისა და ბრენდ დიზაინერია, დარგში 12-წლიანი გამოცდილებით. ამჟამად ის Noxtton-ის დიზაინის გუნდს ხელმძღვანელობს. ასევე არის Studio Impulse-ის თანადამფუძნებელი. ნებისმიერ პროექტში თაკაკას მთავარი გამოწვევა სიმარტივეა, რადგან მიაჩნია, რომ ვიზუალური კომუნიკაციის არსი ინფორმაციის სწრაფად და მარტივად აღქმაა.

PechaKucha Night Tbilisi Vol. 17 საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. თარიღის აღნიშვნის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ქალებისა და გოგოების თანაბარი კარიერული შესაძლებლობებით უზრუნველყოფა.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების წახალისებასა და ხელშეწყობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, 2019 წლიდან ახორციელებს. PechaKucha Night-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.

PechaKucha Nights არის შეხვედრების სივრცე, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიან. ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერების მიერ წამოწყებული ღონისძიება დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველოში PechaKucha Nights 2011 წლიდან ტარდება.

PechaKucha Night Tbilisi Vol. 17-ის პარტნიორები არიან: ლიბერთი, ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და THE Crossroads. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით: https://bit.ly/3vMSOwc