დისტანციურად მომუშავე კომპანიების ტოპ მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის 15 ყველაზე მიმზიდველ ქალაქს შორის პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი ლიდერობს. უძრავი ქონების ბროკერ Savills-ის კვლევის შედეგებს Bloomberg-ი ავრცელებს.
„პანდემიამ ხელმძღვანელები აიძულა, საოფისე ცხოვრება მიეტოვებინათ. ლისაბონი მათ ქალაქური ცხოვრების ყველა სიხარულსა და ევროკავშირში ყოფნის მოწინავე პოზიციას სთავაზობს,“ - განუცხადა Bloomberg-ს Savills-ის გლობალური კვლევის დირექტორმა, პოლ ტოსტევინმა.
კომპანიის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პორტუგალიის დედაქალაქი ე.წ. ციფრულ მომთაბარეებს (Digital nomad) თავისი თბილი კლიმატით, დაბალი ფასებითა და ფართოდ გავრცელებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იზიდავს, რამაც ქალაქი უძრავი ქონების საერთაშორისო ინვესტორებისთვის „მაგნიტივით მიმზიდველი გახადა.“
Bloomberg-ს პორტუგალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, უცხოელები, როგორც წესი, მზად არიან, ლისაბონში საცხოვრებლად ადგილობრივ მოსახლეობაზე ორჯერ მეტი გადაიხადონ. გასული წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით უცხოელმა მყიდველებმა ლისაბონის ბინაში კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ, 4283 ევრო, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კი მხოლოდ 1858 ევრო გადაიხადეს. გაზრდილმა მოთხოვნამ პორტუგალიის დედაქალაქში საცხოვრებლის ფასების შესამჩნევი ზრდა განაპირობა: იმავე პერიოდში ქალაქში უძრავი ქონების ფასი 11,4%-ით გაიზარდა, რის გამოც ზოგიერთ მოქალაქეს ბინის ძებნა სხვა რეგიონში მოუწია.
Savills-ში ლისაბონის საცხოვრებელი უძრავი ქონების დირექტორი, რიკარდო გარსია დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ტენდენცია არ შეიცვლება და ქალაქი მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ შედინებას მოელის.
„კომპანიებს სათაო ოფისები პორტუგალიაში გადააქვთ. რეგიონი სულ უფრო საერთაშორისო ხდება,“ - აცხადებს გარსია.
Savills-ის რეიტინგში მეორე ადგილი ამერიკულმა მაიამიმ დაიკავა. ფლორიდის ქალაქი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ მუშაკებს საგადასახადო შეღავათებით, დაბალი საპროცენტო განაკვეთებითა და დისტანციური მუშაობის ხელსაყრელი პოლიტიკით იზიდავს. რეიტინგში, ასევე, შედის დუბაი, ბარბადოსი, ბარსელონა და დუბროვნიკი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ