კოკა-კოლამ ლონდონის Covent Garden-ში თავისი პირველი ევროპული მოდის მაღაზია გახსნა, რომელშიც მყიდველებისთვის შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული ექსკლუზიური ტანსაცმლის ასორტიმენტი და მოდის აქსესუარები გამოფინა. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში არის ნათქვამი, რასაც პორტალი RetailDetail ავრცელებს.
კოკა-კოლას ცნობით, ექსკლუზიური სამოსი და აქსესუარები გამაგრილებელი სასმელების კომპანიისა და მოდის ისეთი ცნობილი ბრენდებისა და დიზაინერების თანამშრომლობის შედეგია, როგორიც არის Lee, Soho Grit, Herschel და Staple.
„ევროპაში ბრენდის პირველ კონცეფტუალურ მაღაზიაში მყიდველებს შეუძლიათ, კოკა-კოლას ნამდვილი მაგია განიცადონ,“ - წერია კომპანიის განცხადებაში.
ფლაგმანური მაღაზიის თემა, ასევე, ეკოლოგიური მდგრადობაა. მომხმარებელს მაღაზიაში შეუძლია იხილოს, მაგალითად, გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადებული ტანსაცმელი და მრავალჯერადი სასმელი ბოთლები. ამასთან, მომხმარებელს სასმელის ქილის პერსონალიზება შეუძლია.
„ეს მაღაზია ჩვენთვის არის შანსი, კოკა-კოლას თაყვანისმცემლებს მოდისა და კოლექციების პრემიუმ ასორტიმენტი, ასევე, ჩვენი სასმელების გასინჯვის ახალი გზები შევთვაზოთ. გადამუშავებული მასალისგან დამზადებული პროდუქტების კოლექცია, ასევე, გვაძლევს დიდ შესაძლებლობას, გავუზიაროთ ჩვენი მდგრადობის ვალდებულებები ადამიანებს და ისინი ჩვენთან ერთად ნარჩენების გარეშე სამყაროში ვამოგზაუროთ,“ - აცხადებს კოკა-კოლას საცალო ვაჭრობის დირექტორი, მიშელ მურჰედი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ