ავიაკომპანია Myway Airlines-ი ფრენებს, პრობლემების მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს, თუმცა როგორც კომპანიის იურისტი თამარ მამფორია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, 6-დღიანი გაჩერების პერიოდში, გარანტირებული შემოსავალი ერთ დღეზე 141 000 აშშ დოლარი კომპანიამ უკვე იზარალა.
ასევე, მამფორიას თქმით, კომპანიას მიადგა რეპუტაციული ზიანიც.
„სასამართლო განხილვები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. უზრუნველყოფის ღონისძიება დააკმაყოფილა სასამართლომ. ჩვენ, შევიტანეთ შუამდგომლობა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბრძანების მოქმედების შეჩერებაზე, რაც დაკმაყოფილდა. ეს იყო დაახლოებით, დეკემბრის დასაწყისში. ამ პერიოდიდან, კომპანიამ აღადგინა ფრენები, ამის შემდეგ კი ველოდებით სხდომებს.
ახლა კომპანია ფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში. გვქონდა, დაახლოებით 1-კვირიანი ჩავარდნა, როცა ვერ მუშაობდა, ეს იყო სააგენტოს მხრიდან ბრძანების ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ შუალედში ვიყავით გაჩერებულები და ვნახეთ ძალიან დიდი ზარალი. სათითაოდ დათვლილი, ხელშეკრულებებით დამტკიცებული ზარალი დღიურად 141 000 დოლარს შეადგენს. ეს უნდა გავთვალოთ 6 დღეზე. წარვადგინეთ სასამართლოში ყველა დოკუმენტის დართვით.
გარდა ამისა, კომპანიას ცხადია ჰქონდა რეპუტაციული ზიანი, როცა ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, გარკვეული კომპანიები თავს იკავებენ შემდგომი ურთიერთობისგან და ბიზნეს შესაძლებლობები და მოსალოდნელი შემოსავალი ეკარგება კომპანიას. რადგან დავა ადმინისტრაციულია, ახლა ვართ მოლოდინის ეტაპზე. მოგეხსენებათ, მსგავსი დავების ვადები დროში ძალიან იწელება“, - განაცხადა მამფორიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზია გააუქმა. ამან კი, ავიაკომპანიის 6-დღიანი გაჩერება გამოიწვია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დოკუმენტის დრაფტში, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანონმდებლობით მოქმედი პირობაა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში წილის მინიმუმ 51% საქართველოს მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს.