„ბიბლუსი“ ფრენჩაიზის შეთავაზებას იწყებს - ვინ შეიძლება გახდეს მფლობელი და რა ბენეფიტს მიიღებს ის?

წიგნების და საკანცელარიო ნივთების უმსხვილესი რითეილერი -„ბიბლუსი“ საკუთარ ფრენჩაიზს ყიდის. კომპანია დაინტერესებულ პირებს მრავალი წლის განმავლობაში შემუშავებული წარმატებული ბიზნეს მოდელით გუნდის სრულ მხარდაჭერას სთავაზობს. „ბიბლუსში“ ამბობენ, რომ ფრენჩაიზის შექმნის შედეგად საქართველოში წიგნი უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რაც თავის მხრივ, წიგნიერების ზრდას შეუწყობს ხელს.

ცნობისათვის, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსის“ პირველი მაღაზია 2008 წლის 23 მაისს გაიხსნა. დღეისათვის, „ბიბლუსი“ საქართველოს მასშტაბით 75 ფილიალს აერთიანებს. „ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი მიზანი აერთიანებს – გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა. სწორედ ამ მიზნით, „ბიბლუსი“ უკვე საკუთარ ფრენჩაიზს სთავაზობს მსურველებს.

რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ფრენჩაიზის შექმნა და ვის შეუძლია გახდეს „ბიბლუსის“ ბრენდის ქვეშ მაღაზიის მფლობელი, ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსს“ „ბიბლუსი ჯგუფის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თამუნა როსტიაშვილი ესაუბრა.

თამუნა როსტიაშვილი: საქართველოში წიგნებზე და საკანცელარიო ნივთებზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ გადაწყდა „ბიბლუსის“ ფრენჩაიზის შექმნა. ვფიქრობთ, რომ „ბიბლუსის“ ფრენჩაიზის კონცეფციის შექმნა ხელს შეუწყობს სხვადასხვა მაღაზიების მესვაურთა დაინტერესებას, ქსელის გაზრდას და წიგნი უფრო ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის, რაც თავის მხრივ, წიგნიერების ზრდას შეუწყობს ხელს.

კონკრეტულად, რა პაკეტს სთავაზობთ იმათ, ვინც ფრენჩაიზის ყიდვას გადაწყვეტს? და ზოგადად, ვინ შეიძლება გახდეს ფრანჩაიზის მფლობელი?

ბიბლუსის“ ფრენჩაიზის მფლობელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, ვისაც უკვე აქვს არსებული მაღაზია ან მაღაზიათა ქსელი, ან ვისაც ჯერ არ აქვს, მაგრამ სურს მომგებიანი ობიექტის გახსნა „ბიბლუსის“ ბრენდის ქვეშ.

ბიბლუსის“ ფრანჩაიზის ფლობით მომხმარებელი ისარგებლებს კომპანიის ცნობადობით, სრული მარკეტინგული მხარდაჭერითა და რაც მთავარია საუკეთესო კომერციული პირობებით. გამოცდილი გუნდი მოახდენს მაღაზიის სრულ დაგეგმვას, ასორტიმენტის შერჩევასა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვას.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბიბლუსის“ ფრენჩაიზის გახსნა შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ სხვა დასახლებულ პუნქტში.

რატომ უნდა შეიძინონ „ბიბლუსის“ ფრენჩაიზი, რა ბენეფიტს მიიღებს მისი მფლობელი?

როგორც უკვე აღვნიშნე, „ბიბლუსის“ ფრენჩაიზი მის მფლობელს საშუალებას მისცემს ისარგებლოს „ბიბლუსის“ ცნობადობითა და სანდოობით, ჰქონდეს საუკეთესო ასორტიმენტი და მაღალი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქცია. ფრენჩაიზის მფლობელი ისარგებლებს მრავალი წლის განმავლობაში შემუშავებული წარმატებული ბიზნეს მოდელით და დიდი გუნდის სრული მხარდაჭერით.

რისი გადახდა მოუწევთ ფრენჩაიზის შეძენის მსურველებს?

გადავწყვიტეთ ძალიან მისაღები შეთავაზება შეგვექმნა, ფრენჩაიზის ღირებულება, ჯერჯერობით იქნება ბრუნვის 3-5%, რაც პრაქტიკულად, გადაიფარება საუკეთესო კომერციული პირობებით.

დაბოლოს, „ბიბლუსი ჯგუფში“ შედის სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელაც“. თუ განიხილება „პეპელას“ ფრენჩაიზის საკითხიც?

ამ ეტაპზე განვიხილავთ მხოლოდ „ბიბლუსის“ ფრენჩაიზს, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ „პეპელას“ ფრანჩაიზის განვითრებასაც.

https://biblusi.ge/contact

(R)