„პური  ბოლო ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 10 თეთრით არის გაძვირებული“  -  პურის მცხობელთა ასოციაცია

ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული ფასების გამო, პურის მცხობელთა ასოციაცია პურზე ფასის 10 თეთრით ზრდას ადასტურებს.

ამის შესახებ ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

,,პური ბოლო ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 10 თეთრით არის გაძვირებული. მიზეზი ფქვილის ფასის ზრდაა. რუსეთიდან შემოტანილი ფქვილი, რომელიც იყო ხელმისაწვდომი 65-68 ლარად, ახლა მინიმუმ 75 ლარი ღირს. ამაზე იაფი პირველი ხარისხის ფქვილი ბაზარზე არ არსებობს. რაც შეეხება საქართველოში დამზადებულ ფქვილს, ის 80 ლარზე ნაკლებად არ არის. ამის გამო ზოგიერთმა წარმოებამ, რიგ ასორტიმენტებზე ფასები გაზარდა.

რაც შეეხება ქართულ და თონის პურს, აქ მე ინფორმაციას არ ვფლობ. უამრავია, ათასზე მეტი მცირე თონე არსებობს და იქ მეორე მესამე ხელიდან იძენენ ფქვილს, საგადასახადო სისტემაც განსხვავებულია და ნამდვილად არ ვიცი როგორია მდგომარეობა. საქარხნო პურზე 10 თეთრიან მატებას კი ვადასტურებ.

მინდა იცოდეთ ისიც, რომ პურს რომელსაც შეფუთვა არ ეკუთნის წესით და ზაფხულის პერიოდში რეკომენდირებულიც არ არის, კოვიდ პანდემიის შემდეგ, ისიც კი შეფუთული გამოდის. ესეც ზრდის ღირებულებას. საქართველოში, თითქმის ყველაფერზე ფასი 2-3 ლარით არის გაზრდილი და უცნაურია, რომ პურზე ნამატმა ათმა თეთრმა დააქცია ქვეყანა“, - განაცხადა დოლიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი