„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის 2 თვიანი მარაგი არსებობს და თვის ბოლომდე პურის ფასი არ გაძვირდება.
როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, 2 თვის შემდეგ ფქვილის მარაგი საქართველოს მიერ ნაწარმოები ხორბლით შეივსება.
„13 მაისს, არასასიამოვნო ინფორმაცია გაჟღერდა, რომ წისქვილები შეწყვეტენ მუშაობას, რამაც ხალხში თავისებური რეაქცია გამოიწვია. პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ პურის საწარმოებში არის გარკვეული ნაშთი იმისა, რომ თბილისში არ შეიქმნას ამ საკითხთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა. პური ცხვება და გამოცხვება.
ჩვენ ვიმყოფებით მოსავლის აღების წინა პერიოდში. იცით, რომ მთელ მსოფლიოში ხორბალთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად გაჩნდა. მცურავი საბაჟო გადასახადი, რომელიც ხორბალს დაუწესეს და არა ფქვილს, ამან გარკვეული პრობლემები ხორბალზე ნამდვილად შექმნა. რაც შეეხება ფქვილს, მე ჩემი თვალით ვნახე, მცხეთა-მთიანეთის გზატკეცილზე ფქვილით დატვირთული ტრაილერები, რამდენიც არასდროს მინახავს.
ახლა დაახლოებით, ფქვილის 2 თვიანი მარაგი გვაქვს. მარაგის ამოწურვის შემდეგ ახალ მოსავალს ველოდებით. ამბობენ, რომ საქართველოში ხორბლის მოსავალმა 30 პროცენტით მოიმატა წინა წელთან შედარებით. გარდა ამისა, მოწოდება არ წყდება, ფქვილით დატვირთული მილიონი ტრაილერი შემოდის საქართველოში. ძალიან სამწუხაროა, რომ წისქვილ-კომბინატები არ არის, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ფქვილის 2 თვიანი მარაგია, ამიტომ პურთან დაკავშირებით თავის ტკივილი არ იქნება.
რეკომენდაციაა ასეთი, რომ ქვეყანაში 2 თვიანი მარაგი უნდა იყოს. 2 თვიანი მარაგი ალბათ, შეივსება საქართველოს მიერ ნაწარმოები ხორბლიდან, აგრეთვე ფქვილით, რომელიც დღესაც რუსეთიდან შემოდის“,- განაცხადა დოლიძემ.
კითხვაზე , იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში უკვე გაძვირებული ფქვილი შემოდის, ხომ არ არის მოსალოდნელი პურის ფასის კიდევ 10 თეთრით გაძვირება, მან აღნიშნა, რომ მაისის თვის ბოლომდე პურის ფასის მომატება არ არის მოსალოდნელი.
„ახლა ფქვილი მომატებული ფასებით შემოდის. რომ დაინახეს, რომ ფქვილი არ არის , ფქვილის შემომტანებმა მოუმატეს ფქვილს ღირებულებას და 72-73 ლარის ნაცვლად 75 ლარზე ნაკლებად აღარ ყიდიან ფქვილს. ეს ძალიან ცუდია პურის მცხობელისთვის.
ზუსტად ვერ განსაზღვრავ ფასს. მაისის თვეში ვაცხადებდი, რომ შესაძლებელია პურის ფასი გაძვირდეს 20 თეთრით. ნამდვილად შეიცვალა პურის ფასი, მაგრამ 10 თეთრით. ამ ეტაპზე თვის ბოლომდე ფასის მომატებას არ ველოდებით.
ახლა ვიმყოფებით ხორბლის აღების წინა პერიოდში. როდესაც ხორბალი მოდის ქვეყნები და ფირმები ძველი ხორბლისგან თავისუფლდებიან. ამ დროს ადგილი აქვს ფასების კლებას, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ფასების კლებას კი არა, ხორბლის ღირებულება პირიქით 400 დოლარს გადასცდა. მოსახლეობა მინდა დავაწყნარო, რომ უპურობა არ გვექნება“,- განაცხადა დოლიძემ.