რუსეთში სანქციების გამო თევზის კონსერვების საწარმოებლად თუნუქის დეფიციტი შეიქმნა

რუსეთის თევზჭერის ფედერალური სააგენტო („როსრიბოლოვსტვო“) თევზის საკონსერვო ქილების წარმოებისთვის სანქციების გამო თუნუქის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, რის გამოც აპრილში თუნუქის შეფუთვის ფასი, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 65-80%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტოსა და ვიცე-პრემიერ ვიქტორია აბრამჩენკოს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომლის ოქმიც „იზვესტიამ“ მოიპოვა.

შეხვედრის ოქმიდან ირკვევა, რომ შეფუთვის გაძვირება გამოწვეულია ნედლეულის ნაკლებობით, რადგან თუნუქისა და ქილების იმპორტი რუსეთში შემცირდა, ხოლო შიდა წარმოების თეთრი თუნუქის რაოდენობა საკმარისი არ არის. თეთრი თუნუქი სპეციალურად საკვები პროდუქტების კონსერვაციისთვის არის განკუთვნილი და კალის დამცავი ფენით არის დაფარული. ამჟამად რუსეთში მასალა ძირითადად ჩინეთიდან შედის. თუმცა ადრე ფედერაციას ლითონისა და ტარის რამდენიმე იმპორტიორი ჰყავდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ლითონის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ იაფი პროდუქტების მწარმოებლებს ტარის წარმოების ღირებულება მეტად გაეზარდათ. „რიბნიი სოიუზის“ მონაცემებით, დაკონსერვებული საკვები გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 28%-ით გაძვირდა. თევზის შპროტის თითო ქილის თვითღირებულება ამჟამად, საშუალოდ, 120 რუბლამდეა (1.86 დოლარამდეა), ხიზილალას ქილის კი - დაახლოებით, 70 რუბლია (1.08 დოლარია).

რუსული ქარხნები ქილების საწარმოებლად თეთრ თუნუქს, ასევე, მზა ტარებს, როგორ წესი, ევროპაში, იაპონიასა და ჩინეთში ყიდულობდნენ. რუსეთის თევზის მრეწველობის ასოციაციაში აცხადებენ, რომ მართალია, მსხვილ საკონსერვო ქარხნებს ქილების წარმოების საკუთარი სიმძლავრე აქვთ, მაგრამ ისინი საზღვარგარეთიდან ლითონის მიწოდებაზე არიან დამოკიდებული. ასოციაციის პრეზიდენტი, გერმან ზვერევი ამბობს, რომ სანქციების გამო იმპორტი მხოლოდ ჩინეთიდან არის შესაძლებელი. მისი თქმით, მართალია, ქვეყანაში კვების პროდუქტებისთვის გათვლილი თეთრი თუნუქის წარმოების რამდენიმე საწარმოა, მაგრამ ისინი შეკვეთების გაზრდილ მოცულობას ვერ უმკავლდებიან. ექსპერტის შეფასებით, თებერვალ-მარტში დოლართან მიმართებაში რუბლის მკვეთრმა გაუფასურებამ თუნუქისა და შესაბამისად, თუნუქის ქილების ფასების ზრდა გამოიწვია.

„როსრიბოლოვსტვოს“ მონაცემებით, ქვეყანაში საკონსერვო წარმოება პირველ კვარტალში, ანუ იანვარ-მარტში 49,7 ათას ტონამდე გაიზარდა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 10%-ით მეტია.

„რიბნიი სოიუზის“ შეფასებით, თუნუქის პრობლემები „არამეგობრული“ სახელმწიფოების სანქციებით გამოწვეულმა მიწოდების ჯაჭვის დარღვევამ განაპირობა. ადრე ქილების დასამზადებლად გერმანულ მასალას იყენებდნენ, სანქციების შემდეგ კი ლითონის ქილების მწარმოებლები ჩინურ და რუსულ თუნუქზე გადავიდნენ. გარდა ამისა, ჩინეთიდან მზა ქილების მიწოდება გაიზარდა. თუნუქის კონტეინერების მწარმოებლები ლოგისტიკური ჯაჭვის კონფიგურაციას ეწევიან და მიწოდების ალტერნატიულ არხებს, ახალ პარტნიორებს ეძებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ