შვეიცარია სამხრეთ კავკასიაში 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამას იწყებს

შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, ჰაიდი გრაუმ და თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, დანიელ მევლიმ 2022-2025 წწ-ის შვეიცარიის თანამშრომლობის პროგრამა წარადგინეს, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

შვეიცარიის საელჩოს ცნობით, პროგრამა მთავარი დოკუმენტია, რომელიც 2022-2025 წლებში შვეიცარიის მიერ განხორციელებული პროექტების მთავარ მიმართულებებს განსაზღვრავს.

მათივე ინფორმაციით, 2022-2025 წლებში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში პროგრამას განახორციელებს, რომლის მთავარი მიმართულებებია: რეგიონში სამოქალაქო ჩართულობის და თანამშრომლობის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა და კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგობის გაძლიერება და რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება. გენდერული თანასწორობა და კარგი მმართველობა ყველა შესაბამის პროექტში იქნება გათვალისწინებული.

„ამჟამად შვეიცარია საქართველოში 20-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა უმეტესობა 2017-2021 წწ-ის სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო. 2021 წლის ბოლოს, შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად, 150 000-მა მოსარგებლემ სოფლის მეურნეობის სექტორში დამატებითი შემოსავალი მიიღო, რაც 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ციფრული ინფრასტრუქტურა 63 მუნიციპალიტეტში დაინერგა, რამაც 1.5 მილიონი ადამიანისთვის მუნიციპალური მომსახურება ხელმისაწვდომი გახადა. გენდერული თანასწორობის კუთხით, მაგალითად, მნიშვნელოვანი ანალიტიკური სამუშაო ჩატარდა გენდერული ზეგავლენის შეფასებისა და გენდერული ნიშნით ხელფასების სხვაობის მიმართულებით.

წინა მიღწევებზე დაყრდნობით, 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ახალი პროექტები განხორციელდება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. შვეიცარია საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის დახმარებასა და ამით ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას გააგრძელებს. გათვალისწინებულია სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე, სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლებისა და გადამზადების მოდერნიზება. მმართველობა, მიგრაციის ჩათვლით და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებებად დარჩება. პროგრამა კლიმატის და ბუნებრივი რესურსების, კერძოდ ტყის, მართვის მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. ამ თემატური პრიორიტეტების გარდა, შვეიცარია კონფლიქტის პრევენციის, მშვიდობის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივები დაფინანსდება თემებზე: გენდერული თანასწორობა, გარემო და კლიმატის ცვლილება, ინკლუზიურობა და გაციფრება (დიგიტალიზაცია). გარდა ამისა, ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის ფარგლებში, შვეიცარია სხვადასხვა პროექტებს დააფინანსებს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი საქართველოსთვის 34 მილიონი შვეიცარიული ფრანკია.

სამხრეთ კავკასიაში პროექტების განხორციელება შვეიცარიამ 1988 წელს დაიწყო და მას შემდეგ თავისი საქმიანობა სულ უფრო გააფართოვა. პროექტები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში განახორციელა. სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი თბილისში 1996 წელს გაიხსნა. ბოლო 25 წლის განმავლობაში შვეიცარიის დახმარება 200 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს,“ - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.