2022 წლის 1-ლი ივლისიდან რეგიონებსა და თბილისში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის იზრდება.
მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ჭელიძე, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ შედეგად გაზის ტარიფი 20 000-მდე ბიზნესს გაუძვირდება.
,,არა მარტო ჩვენთან, მთელს მსოფლიოში გაძვირდა ყველაფერი, მათ შორის ენერგო მატარებლებიც. 20 000-მდე კომერციულ სუბიექტს უძვირდება გაზის ტარიფი. მათ შორის, ვის თვითღირებულებაშიც დიდ წილს თამაშობს ბუნებრივი აირი, პროდუქტი გაუძვირდება. ახლა, ბიზნესს არ აქვს არავითარი რესურსი, რომ მოგებით დააკომპენსიროს კომუნალური გადასახადების ზრდა. ცალსახად, ეს აისახება ფასებზე. მითუმეტეს, ბოლო პერიოდში ფასები ისე უკონტროლოდ ავარდა, რომ არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარება. ეს არის პოსტ პანდემიის შედეგი. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბაზარი დალაგდება და ეს არალოგიკური ვითარებაც დაილექება სხვა თანაბარ პირობებში მოხდება გადაწყობა“ ,-განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ლი ივლისიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დედაქალაქში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ბიზნესისთვის 1.35 ლარი ხდება, ხოლო რეგიონებში -1.38 ლარი.