გერმანიაში მინიმალური ხელფასი 12 ევრომდე გაიზრდება

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მინიმალური ხელფასის საათში 12 ევრომდე ($12.84) გაზრდას, რაც კანცლერ ოლაფ შოლცის მთავარი საარჩევნო დაპირება იყო.

აქამდე მინიმალური ხელფასი გერმანიაში თითქმის 15%-ით ნაკლები, 10.45 ევრო იყო. გადაწყვეტილება 1-ლი ოქტომბრიდან შევა ძალაში.

მინიმალური ხელფასის ზრდის გადაწყვეტილება გერმანიაში ინფლაციის მაღალ დონეს უკავშირდება. ევროპაში უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ინფლაციამ მიმდინარე წლის მაისში 7.9% შეადგინა, რაც 1973-74 წლების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გერმანიაში მინიმალური ხელფასი შედარებით გვიან, 2015 წელს დააწესეს შოლცის მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის, სოციალ-დემოკრატების მოთხოვნით. საათობრივი ანაზღაურების 12 ევრომდე გაზრდას ოლაფ შოლცი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა და ამბობდა, რომ ეს „სამართლიანობისა და პატივისცემის“ საკითხი იყო.

წყარო: Associated Press

კახი ჩაკვეტაძე