2022 წლის 1 და 2 ივნისს, სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის ფარგლებში ორდღიანი სტუდენტური კონფერენცია - „ეკონომიკა, ბიზნესი & მენეჯმენტი“ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მენეჯმენტის პროგრამის პირველი და მეორე კურსის 22-მა სტუდენტმა მიიღო. კონფერენციას წინ ხანგრძლივი და დატვირთული მოსამზადებელი სამუშაო პროცესი უძღოდა, რომელსაც ახალგაზრდებმა აკადემიური და აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის ჩართულობით, თავი წარმატებით გაართვეს. სტუდენტებმა ჩაატარეს კვლევები, მოამზადეს თემები და წარადგნენ დამსწრე აუდიტორიის წინაშე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ზედგინიძე, საერთაშორისო და ქართველი პროფესორები, მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლები, სკოლის სტუდენტები.
როგორც მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ზედგინიძე აღნიშნავს, სკოლამ 2 დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო, პროდუქტიულ და, რაც მთავარია, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან კონფერენციას უმასპინძლა. მისი თქმით, ღონისძიება ტრადიციად იქცა და ყოველ სემესტრში ტარდება. კონფერენციის მიზანი სტუდენტებში კვლევითი და პრეზენტაციის უნარების განვითარება, ძიებისა და კვლევის პროცესში ახალი ცოდნის შეძენა გახლავთ.
„ვიდრე სტუდენტები კონფერენციაზე მომხსენებლებად წარდგებოდნენ, მათ რამდენიმე დიდი ეტაპი გადალახეს, მათ შორის: საერთაშორისო და ქართველი პროფესორების მენტორობით მოამზადეს თემები, აბსტრაქტები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი ხარისხის მონიტორინგი და ამის შემდეგ მიეცათ უფლება, გამოსულიყვნენ საპრეზენტაციოდ. აღნიშნული კონფერენციების შედეგად, სტუდენტებს უღვივდებათ მომავალი კვლევითი თემების მიმართულებით გარკვეული ინტერესი, იძენენ ცოდნას და საჭირო უნარებს. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში მიღებული გამოცდილება მათ დაეხმარებათ მომავალი პროფესიების არჩევაში, განსაზღვრაში, განსაკუთრებით კონცენტრაციებთან მიმართებით, რათა უკეთესად ჩამოყალიბდნენ - რა მიმართულებით, რომელი კონცენტრაციით სურთ, რომ დაასრულონ KIU-ს მენეჯმენტის პროგრამა. აქვე დავძენ, რომ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა 5 კონცენტრაციას მოიცავს: ინოვაციები და მეწარმეობა, ფინანსები და ბუღალტერია, ეკონომიკა და პოლიტიკა, ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა, მარკეტინგი, ლიდერობა და სტრატეგია. მინდა, წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდებს და დიდი მადლობა გადავუხადო აკადემიურ და აკადემიური მხარდაჭერის პერსონალს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ღონისძიების კარგად და ხარისხიანად ჩატარებაში.“ - აცხადებს KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ზედგინიძე.
ორდღიანი კონფერენცია KIU-ში ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.