ომი, მიწოდების ჯაჭვების წყვეტა, ლოქდაუნი ჩინეთში, გაზრდილი ენერგიისა და პროდუქტების ფასები - ეს ფაქტორები სარესტორნო ბიზნესში მყოფებს თამაშში დარჩენას უძვირებს და ურთულებს.
მენიუში ფასების ზრდის ნაცვლად, მაღალ ინფლაციასა და გაზრდილ ხარჯებთან გამკლავებას აშშ-ში რესტორატორები ახალი გადასახადების შემოღებით ცდილობენ.
გადასახადის ტიპი ბევრნაირი შეიძლება იყოს. ასე მაგალითად, ლოს-ანჯელესში მომხმარებლებს ჩეკზე რესტორანში დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევის 3%-იანი გადასახადი ხვდებათ, ზოგან კიდევ კლიენტებს ინფლაციის დროებითი გადასახადის გადახდა უწევთ.
„ჯანმრთელობის საფასურის“ შემოღება რესტორნებმა ჯერ კიდევ პანდემიამდე პერიოდში დაიწყეს, რათა დასაქმებულებისთვის დაზღვევა შეეთავაზებინათ. მას შემდეგ კი ამ გადასახადმა ინფლაციასთან გასამკლავებელი მექანიზმის ფუნქცია მიიღო.
ელექტრონული გაყიდვების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის, Lightspeed-ის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე, კვლევაში მონაწილე 6,000 რესტორანს გადასახადებით მიღებული შემოსავალი თითქმის გაუორმაგდა. იმ რესტორანთა რიცხვი კი, რომლებმაც ახალი გადასახადები შემოიღეს, 36.4%-ით გაიზარდა.
„ბიზნესის კეთების დანახარჯების ცვლილებასთან ერთად, ვხედავთ, რომ ამ ტაქტიკას სულ უფრო მეტი იყენებს“, - ამბობს პიტერ დოჰერტი, სტუმართმასპინძლობის მთავარი მენეჯერი Lightspeed-ში.
ეს პრაქტიკა ძალიან ჰგავს „შრინკფლაციას“ - კომპანიების მიერ პორციების, პაკეტების ზომის შემცირებას ფასის ზრდის თავიდან ასაცილებლად.
მომხმარებელი, როგორც წესი, ხშირად არ აქცევს ყურადღებას ჩეკზე ჩამოწერილ ყველა გადასახადს და შესაბამისად, ახალი საფასურის შემოღებაც ხშირად ამართლებს. ეს ბიზნესს გაზრდილი ხარჯების ნაწილობრივ დაფარვაში ეხმარება და მომხმარებლის მიმღებლობაც ახალ საფასურზე უფრო მეტია, ვიდრე პირდაპირ გაზრდილ ფასებზე.
ფინანსური მრჩევლების აზრით, საუკეთესო გზა ახალ საფასურებში ნავიგაციისათვის მათზე წინასწარვე მეტი ყურადღების მიქცევაა.
„რაც უფრო მეტი იცის მომხმარებელმა, მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით“, - ამბობს ფინანსური დამგეგმავი, კრისტენ ოირეტიგი.
პანდემიისა და ინფლაციის შედეგად დაზარალებული სარესტორნო ბიზნესი ერთადერთი არაა, რომელიც მომხმარებლებს ახალ გადასახადებს უწესებს და ამ ტიპის გადასახადებს თანდათან სხვა სფეროს წარმომადგენლებიც მიმართავენ, რათა გაზრდილი ფასების შედეგად მომატებული ხარჯების ნაწილი მაინც დაფარონ.
წყარო: The Wall Street Journal