ჰოლანდიურმა Veon-მა, რომელიც ფლობს Vimpelcom-ს (ბრენდი Beeline), საქართველოში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება „ყოფილ ადგილობრივ პარტნიორთან" დადო. ამის შესახებ განცხადება ჰოლდინგის პრესსამსახურმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ტრანზაქციის ღირებულება 45 მილიონი დოლარია.
„ეს გარიგება არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ჯგუფის საქმიანობის გამარტივებისაკენ,“ - აცხადებს Veon-ის აღმასრულებელი დირექტორი, კაან ტერზიოღლუ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ "ბილაინის" მფლობელის ცვლილებას მხარი მაისში დაუჭირა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია გახდა, რომელმაც წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თანახმად, წილის გასხვისებამდე "ბილაინი" ეკუთვნოდა VEON Georgia Holding B.V.-ის, რომელიც თავის მხრივ, ფლობს ორ კომპანია WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის და Investico Alliance LTD-ის. თავად ეს კომპანიები კი უშუალოდ "ვიონი საქართველოს" ფლობენ, კერძოდ, WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის "ვიონი საქართველოს - 71%, Investico Alliance LTD-ის კი "ვიონი საქართველოს" 29%-იანი წილი ეკუთვნის. ჯამში, ეს ორივე ფირმა "ვიონი საქართველოს" 100%-იან წილს ფლობს.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა მაქაცარია „ვიონში“ „მირენ ინვესტის“ საშუალებით 20%-იან წილს უკვე ფლობდა. თუმცა გასული წლის სექტემბერში მაქაცარია „ბილაინიდან“ გავიდა, მისი 20%-იანი წილი კი „ბილაინის“ 51%-იანი წილის მფლობელმა კომპანიამ WATERTRAIL INDUSTRIES LTD-იმ შეიძინა. ამ ტრანზაქციის შედეგად WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის „ვიონი საქართველოს“ 71%-იანი წილის მფლობელი გახდა, დარჩენილ 29%-ის მფლობელი კი „ინვესტიკო ალიანსი” დარჩა.
Veon-ის აქციების 47,85%-ს საინვესტიციო კომპანია, LetterOne ფლობს, რომლის დამფუძნებლებიც სანქცირებული რუსი მილიარდერები, მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი არიან. ფრიდმანს LetterOne-ის 37,86%-იანი, ავენს კი და 12,13%-იანი წილი ეკუთვნის. თებერვალში, უკრაინის ომის გამო ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, მიხაილ ფრიდმანი Veon-ის დირექტორთა საბჭოდან გავიდა. თავად ჰოლდინგმა განცხადება გაავრცელა, რომ Veon არ ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს, ხოლო LetterOne მისი მაკონტროლებელი აქციონერი არ არის, რადგან ფრიდმანისა და ავენის წილი საინვესტიციო კომპანიაში 50%-ზე ნაკლებია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ