საქართველოს მთავრობამ ქვეყნის საზღვარზე გამავალი ათასობით სატრანზიტო ტრაილერისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი გააძვირა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თუ აქამდე თითოეული ტრაილერი ამ მოსაკრებლისთვის 200 ლარს იხდიდა, 2022 წლის 20 ივნისიდან გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარი ეღირება.
„განისაზღვროს გზათსარგებლობის საფასური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვისას – ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 350 ლარის ოდენობით.“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, „დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ინარჩუნებს ძალას, თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვისას, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ გზათსარგებლობის საფასურის ოდენობასა და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში მითითებულ თანხას შორის სხვაობის გადახდას“, - წერია მთავრობის დადგენილებაში.
გზათსარგებლობის საფასური არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის.