არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ პირველად მოხმარების საქონლის ბაზრის კვლევის თანახმად, 2007 წლიდან დღემდე სასურსათო საქონელზე ფასები 3-ჯერაა გაზრდილი, რამაც შინამეურნეობების სასურსათო ხარჯები საგრძნობლად გაზარდა და სამომხმარებლო ხარჯებში მისმა წილმა 2020 წელს 47%-ს მიაღწია.
„შინამეურნეობების ხარჯების ზრდა განპირობებულია სასურსათო საქონელზე ფასების მაღალი ზრდით. 2007 წლიდან დღემდე ფასები სასურსათო საქონელზე დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი.
ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 20%-ზე მეტად არ უნდა გაზრდილიყო 2015 წლიდან დღემდე. თუმცა, ფასები მკვეთრად გაზრდილია როგორც სურსათზე, ასევე სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე“, - წერია კვლევაში.
მიმოხილვის თანახმად, ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე მკვეთრად გაზრდილი ფასები ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და განკარგვად შემოსავლებს სხვა ტიპის საქონელსა თუ მომსახურებაზე. ფასების ზრდაზე დიდი გავლენა კი მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადებს აქვს.
„ფასების ზრდაზე დიდი გავლენა აქვს მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადებს როგორც ნავთობპროდუქტებზე, ასევე თამბაქოზე და ალკოჰოლზე. თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე გაწეულ დანახარჯებზე მთლიანი დანახარჯების საშუალოდ 10% და 4% მოდის. ხოლო საწვავი მნიშვნელოვანი შუალედური საქონელია მიწოდების ჯაჭვში“, - წერია „საზოგადოებისა და ბანკების“ კვლევაში.