საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - როგორია სამეულის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები

ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი უკვე დაუჭირა, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის რეფორმების გატარება მოუწევს.

საქართველოს მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყანა მრავალი ეგზოტიკური ინდიკატორით უსწრებს დანარჩენ ორ ქვეყანას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით კი, ევროკომისიის რეკომენდაციები უსამართლოა და რომ არა ომი, კანდიდატის სტატუსს ჩვენ უფრო ვიმსახურებთ.

უკრაინა და მოლდოვა კონტინენტის ორი ღარიბი ქვეყანაა. ევროპის მასშტაბით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რომელიც შესაძლოა, არა სრულყოფილი, მაგრამ ცხოვრების სტანდარტის მაინც მნიშვნელოვანი საზომია, ეს ქვეყნები რეიტინგის ბოლოში არიან და სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

არც საქართველოა რეიტინგში ამ ორ ქვეყანაზე დიდად წინ, სხვა რამდენიმე მაჩვენებლით კი საერთოდაც ჩამორჩება აწ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს.

უსწრებს თუ არა საქართველო მოლდოვას და უკრაინას? ამ კითხვაზე ნაწილობრივ საპასუხოდ, საინტერესო იქნება, გადავხედოთ სამი ქვეყნის იმგვარ ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებს, როგორებიცაა მშპ, უმუშევრობა, ინფლაცია და სხვა.

მთლიანი შიდა პროდუქტი

წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების მიხედვით, უკრაინა 3 ქვეყანას შორის უპირობო ლიდერია. უკრაინის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში 5, 459.6 ტრილიონი გრივნას ოდენობის პროდუქცია იწარმოა, რაც, დოლარის ამჟამინდელი კურსით, 185 მილიარდ დოლარზე მეტია.

შედარებისთვის, საქართველოს მშპ 2021 წელს 18.7 მილიარდი, ხოლო მოლდოვის 13.7 მილიარდი იყო.

mshp-pages-to-jpg-0001-1656054791.jpg

წყარო: საქსტატი, მსოფლიო ბანკი.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე

ეს პარამეტრი ქვეყანაში ერთი ადამიანის ეკონომიკურ გამომუშავებას ასახავს, შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის საკმაოდ კარგი საზომიცაა.

რამდენიმე წლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, უკრაინასა და მოლდოვაზე უკეთესი მაჩვენებელი საქართველოს ჰქონდა. თუმცა, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, 2020 წლიდან საქართველოზე უკეთესი მონაცემი მოლდოვას აქვს.

იგივე ტენდენციაა 2021 წელსაც - ამ მაჩვენებლით სამ ქვეყანაში კვლავ მოლდოვა ლიდერობს, შემდეგ მოდის საქართველო, შემდეგ კი უკრაინა.

mshp-1-sulze-1656054811.jpg

წყარო: საქსტატი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

უმუშევრობა

უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სამი ქვეყნიდან საქართველოშია. თუმცა, ეს არაა იმგვარი მცირე განსხვავება, როგორც ერთ სულზე მშპ-ს შემთხვევაში. უმუშევრების წილი საქართველოს მოსახლეობაში ბევრად უფრო დიდია, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში.

ასე მაგალითად, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 20.6% შეადგინა, უკრაინაში ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ უფრო ნაკლები - 8.9% იყო, მოლდოვაში კი კიდევ უფრო დაბალი - 3.2%.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყანაში მაღალი უმუშევრობის დონე, გარკვეულწილად, უკავშირდება საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ მეთოდოლოგიის შეცვლას, რომლის მიხედვითაც, თვითდასაქმებულები დასაქმებულებად აღარ ითვლებიან.

მიუხედავად ამისა, საქართველოში უმუშევრობის დონე მაინც საგრძნობლად მაღალია და მხოლოდ 2021 წელი არ ყოფილა გამონაკლისი. ბოლო რამდენიმე წელია, უმუშევრობა საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა და მკვეთრად აღემატება დანარჩენი ორი ქვეყნის მაჩვენებელს.

umushevroba-page-0001-1656054826.jpg

წყარო: საქსტატი, მსოფლიო ბანკი, მოლდოვის სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

ეკონომიკური ზრდა

თუ ნომინალური მშპ მთლად ზუსტი ინდიკატორი არაა ეკონომიკის ზრდისა, რადგან არ ითვალისწინებს ინფლაციას, რეალურ მშპ-ზე ამას ვერ ვიტყვით.

რეალური მშპ-ს ზრდა, იგივე ეკონომიკური ზრდა, 2021 წელს ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მოლდოვაში იყო. ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ზრდამ წინა წელთან შედარებით, 2021-ში 13.9% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკა კი გასულ წელს 10.8%-ით გაიზარდა, რაც 3.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია მოლდოვის ზრდაზე.

არადა, 2020-ში საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკა თითქმის ერთნაირად, 6.8%-ით და 7%-ით შემცირდა. პანდემიის შემდეგ კი აღდგენა მოლდოვამ უკეთ შეძლო, ვიდრე ჩვენ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ჩვენი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და რეგიონში უპრეცედენტოა, თუმცა გამოდის, რომ იმ ინდიკატორით, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყოა, 2021 წელს მოლდოვა გვჯობნის.

შედარებით მოკრძალებული, 3.4%-იანი ზრდა ჰქონდა უკრაინას გასულ წელს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პანდემიას ყველაზე კარგად სწორედ ეს ქვეყანა გაუმკლავდა სამეულიდან და 2020-ში მხოლოდ 3.8%-ით შემცირდა მისი ეკონომიკა.

რაც შეეხება წინა წლებს, სტატისტიკიდან ჩანს, რომ მკვეთრი განსხვავება ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას შორის არ ყოფილა.

ekonomikuri-zrda-page-0001-1656049945.jpg

წყარო: საქსტატი, მსოფლიო ბანკი, უკრაინის სტატისტიკის სამსახური, მოლდოვის სტატისტიკის სამსახური.

ინფლაცია

დღეს ინფლაცია მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. პანდემიის და შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ჯაჭვების წყვეტამ ფასების რეკორდულად ზრდა გამოიწვია. განსაკუთრებით რეაგირებს ფასების ცვლილებაზე ქართველი ხალხი, რადგან მოსახლეობის 17.5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთაა.

2017 წლიდან მოყოლებული 2020 წლამდე ინფლაციის დონე ორნიშნა და სამეულიდან ყველაზე მაღალი უკრაინაში იყო, 2020 წელს კი, პირველობა საქართველომ გადაიბარა 5.2%-იანი მაჩვენებლით.

2021 წელს ორნიშნა ინფლაცია დაბრუნდა უკრაინაში და 10.2% შეადგინა, რაც აღემატებოდა საქართველოსა (9.6%) და მოლდოვის (5.1%) მაჩვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და მოლდოვაში ინფლაციის დონე წლების განმავლობაში დიდად არ განსხვავდებოდა, 2020 წლიდან უკეთესი მდგომარეობა აქაც მოლდოვაშია.

inplacia-page-0001-1656049987.jpg

სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ რიგი ეკონომიკური მონაცემებით ბოლო წლებში არათუ ვერ უსწრებს საქართველო დანარჩენ ორ ქვეყანას, არამედ პირიქით, ჩამორჩება ან დიდად განსხვავებული მაჩვენებელი არ აქვს.

კახი ჩაკვეტაძე