აშშ-ს ხელისუფლება და „დიდი შვიდეულის“ წევრი დანარჩენი ქვეყნები ახალი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც მიმართულია გლობალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, აპირებენ ინვესტიციების განხორციელებას ენერგიის სუფთა წყაროებზე გადასვლისთვის. ამის შესახებ კვირას ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამერიკელი ლიდერის აზრით, რუსეთის აგრესიის შედეგებს მთელი მსოფლიო გრძნობს, განსაკუთრებით კი ეს ეხება ენერგეტიკას. მისი აზრით, აუცილებელია მოხდეს მეტის ინვესტიციის განხორციელება სუფთა ენერგეტიკულ პროექტებში, რამაც საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს „მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მდგრადობას ცვალებადი კლიმატის პირობებში“
ბაიდენმა ყურადღება ასევე გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებაც უნდა მოხდეს მკაცრი რეგულაციებით როგორც ეკოლოგიის, ასევე შრომითი პირობების მიმართულებით. მანვე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მოხდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტი გუშინ გერმანიაში, ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში გაიხსნა.