გერმანიას უცხოელი მუშახელის ქვეყანაში შეყვანა რაც შეიძლება, სწრაფად სურს, რომ ზაფხულის სეზონის განმავლობაში პერსონალის დეფიციტით გადატვირთული აეროპორტები განტვირთოს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას Reuters ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დროებით მუშახელს საცხოვრებელსა და სტანდარტულ ხელფასს შესთავაზებენ, მათ უნდა გაიარონ იგივე უსაფრთხოებისა და საიმედოობის შემოწმება, რასაც სხვა პერსონალი, მაგალითად, ბარგის მართვის თანამშრომელი გადის. ამას ზოგადად, დაახლოებით, ორი კვირა სჭირდება.
Reuters-ის ცნობით, მიმდინარე ზაფხულს მოგზაურები განსაკუთრებით გრძელ რიგებს მთელ ევროპაში აწყდებიან, რადგან მოთხოვნა COVID-19-ის შეზღუდვების შემდეგ სრულად აღდგა. ამდენად, სააგენტოს შეფასებით, აეროპორტები და ავიაკომპანიები კრიზისის გასამკლავებლად საკმარისი პერსონალის დეფიციტს განიცდიან.
აეროპორტების ასოციაცია ADV-ის მონაცემებით, უსაფრთხოების, შემოწმებისა და თვითმფრინავების მომსახურების სფეროში, თითქმის, ყოველი მეხუთე სამუშაო ადგილი შეუსრულებელია.
მოელიან, რომ გერმანიის აეროპორტები თავიანთ ზუსტ საჭიროებებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. თვითმფრინავების მომსახურების სახმელეთო პერსონალის ასოციაცია ABL-ის ხელმძღვანელი, თომას რიხტერი ვარაუდობს, რომ აგვისტოდან სამი თვით 1000-დან 2000-მდე თანამშრომლის დაქირავება იგეგმება.
მისი შეფასებით, უკეთესი იქნებოდა, დროებითი საქმიანობისთვის ვადა წლის ბოლომდე, სამის ნაცვლად, მაქსიმუმ, ექვსი თვით განესაზღვრათ.
„ეს პრობლემას არ წყვეტს, მაგრამ მის მოგვარებას, რა თქმა უნდა, ეხმარება,“ - აცხადებს Reuters-თან ინტერვიუს დროს თომას რიხტერი.
გერმანიის პოლიციის პროფკავშირის თავმჯდომარე, ანდრეას როსკოპფი შინაგან საქმეთა სამინისტროს აფრთხილებს, რომ ახლად დაქირავებული უცხოელი მუშახელი უნდა დასაქმდეს ისეთ სამუშაოზე, როგორიც არის ბარგის დამუშავება, ხოლო მათი დაყენება დამატებითი უსაფრთხოების პოზიციებზე არ შეიძლება, რადგან „ამ პოზიციაზე სამუშაოდ პირმა ინტენსიური შემოწმება უნდა გაიაროს და უსაფრთხოების ინსტრუქცია დეტალურად შეისწავლოს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.“
მოამზადა ლადო სულაბერიძემ