პანიკა ნედლი ნავთობის ბაზარზე - რატომ იაფდება „შავი ოქრო“

ნავთობის ბაზარზე პანიკის ნიშნებია - ორი თვის განმავლობაში, მაისის შემდეგ პირველად ნედლი ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარს ჩამოსცდა. შემცირებულია ენერგოსექტორის წამყვანი კომპანიების აქციების ფასებიც.

WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასები სამშაბათს თითქმის 10%-ით შემცირდა და ბარელზე 97 დოლარს მიაღწია, 10%-ით გაიაფდა Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასიც და 101 დოლარამდე შემცირდა.

ფასზე გავლენა აშშ-ში რეცესიის მზარდმა საფრთხემ იქონია, რამაც, როგორც მოსალოდნელია, ნავთობზე მოთხოვნა უნდა შეამციროს.

ამერიკული ბანკის, Goldam Sachs-ის თანახმად, გლობალური მოთხოვნა ნავთობის მიწოდებას აჭარბებდა და მარაგები კრიტიკულად დაბალ დონეზე იყო. თუმცა, მოგვიანებით ბანკში განაცხადეს, რომ შემცირება, რომელიც გამოწვეული იყო შიშებით, რომ რეცესია მოთხოვნას დაარტყამდა, გადაჭარბებული იყო. ამის შემდეგ ფასები, მართალია, ოდნავ დასტაბილურდა, მაგრამ მაინც მკვეთრადაა შემცირებული.

Brent-ისა და WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასების დინამიკა ბოლო 1 წლის განმავლობაში:

290300855-503354101559529-4178565508314848765-n-1657095935.jpg

წყარო: Bloomberg

რეცესიის შიშთან ერთად, მასობრივი კოვიდ ტესტირების დაწყება ჩინეთში ზრდის რისკს პოტენციური ლოკდაუნისა და შესაბამისად, ნავთობის მოხმარების შემცირებისა. 3-დღიან პერიოდში ქვეყანაში 25 მილიონ მოქალაქეს ჩაუტარდება ტესტირება.

ფასზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს - დოლარი ძვირდება და ევროს მიმართ 2 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მყარ ნიშნულზეა, სამხრეთ კორეაში ინფლაცია 24-წლიან მაქსიმუმზეა, ნორვეგიაში კი ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავეებმა გაფიცვები დაიწყეს. გარდა ამისა, საუდის არაბეთმა, მსოფლიოს უმსხვილესმა ექსპორტიორმა, ნედლი ნავთობის ფასები აზიელი მყიდველებისთვის რეკორდულად გაზარდა ძლიერი მოთხოვნისა და მჭიდრო მიწოდების გამო.

ამავდროულად, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ იაპონიის წინადადება, რომელიც რუსული ნავთობზე საფასო ზღვრის დაწესებას, დაახლოებით, მისი ახლანდელი ფასის ნახევარზე გულისხმობს, ბაზარზე მიწოდების შემცირებას გამოიწვევს და ფასებს ბარელზე 300-400 დოლარზე ზემოთ აწევს.

რამდენიმე კვირის წინ ნედლი ნავთობის ფასი 120 დოლარზე ზემოთ იყო - მაშინ რუსეთის მიერ გადაზიდვების კლებამ მიწოდების შემცირების შიშები წარმოშვა.

გასულ კვირას ენერგო ინდუსტრია შოკში ჩააგდო საერთაშორისო საბროკერო ფირმა JPMorgan-ის ანგარიშმა, რომელიც ნავთობის ფასების 380 დოლარამდე ზრდას ვარაუდობდა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ისა და ევროკავშირის შეზღუდვების საპასუხოდ რუსეთი მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებდა. თუმცა, განსხვავებულად ფიქრობენ ამერიკულ მულტინაციონალურ საინვესტიციო ბანკ Citigroup-ში, რომლის თანახმადაც, სამომავლოდ ფასები შესაძლოა, 70 დოლარსაც კი ჩამოსცდეს.

კახი ჩაკვეტაძე