ყაზახეთმა შესაძლოა, კონტრაქტი გაუწყვიტოს რუსულ კომპანიას, რომელსაც ყაზახური გემი, „ჟიბეკ ჟოლი“ აქვს ნაქირავები. გემი 4 ივლისს თურქეთში დააკავეს, რომელიც, უკრაინული მხარის მტკიცებით, მოპარული მარცვლეულით არის დატვირთული.
კონტრაქტის შესაძლო გაწყვეტაზე განცხადება მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, კაირბეკ უსკენბაევმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რასაც ადგილობრივი სააგენტო, Liter.kz ავრცელებს.
„თუ გემი იმ საქმიანობას ეწევა, რომელიც ყაზახეთში და საერთაშორისო კანონმდებლობაში მიღებულ სამართლებრივ ნორმებს არ შეესაბამება, ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, შეწყდება და გემს გამოვიწვევთ,“ - აცხადებს მინისტრი.
„ჟიბეკ ჟოლი“ ყაზახურ კომპანია KTZ Express Shipping-ს ეკუთვნის, თუმცა გემი სანკტ-პეტერბურგში დაფუძნებულ შპს Green Line-ის მიერ არის ნაქირავები და რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს. რუსული სატვირთო გემი, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, თურქეთის საბაჟო ორგანოებმა დააკავეს, რადგან, კიევის მტკიცებით, ტვირთი მოპარულია. მანამდე KTZ-მა განაცხადა, რომ ხელშეკრულებით შპს Green Line, როგორც გემის მოიჯარე არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე სანქციას იჯარის მთელი პერიოდის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შესაძლოა, შეწყდეს.
ბოლო ინფორმაციით, რომელსაც Bloomberg ავრცელებს, დაკავებული გემი, „ჟიბეკ ჟოლი“ თურქეთის პორტში მოლოდინის რეჟიმშია, ხოლო თურქული მხარე ტვირთის წარმომავლობასა და მის ტრაექტორიას არკვევს. კაირბეკ უსკენბაევის განცხადებით, ყაზახეთს თურქული მხრიდან ინფორმაცია ჯერ არ მიუღია, თუმცა სამინისტრო ოფიციალური მოთხოვნის გაგზავნას აპირებს. მინისტრი ამბობს, რომ როგორც კი არსებული ვითარების სამართლებრივი შეფასება მოხდება, გაირკვევა, არის თუ არა ყაზახეთსა და რუსეთს შორის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისა და გემის დაბრუნების საფუძველი.
„მოდით, ჯერ სამართლებრივი საკითხი გაირკვეს, რომ ჩვენი ჩარევით გამოძიებას ხელი არ შევუშალოთ. თუმცა, როგორც კი მოვლენას სამართლებრივ შეფასებას მისცემენ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, შევწყვიტოთ ხელშეკრულება თუ არა,“ - აცხადებს მინისტრი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ