ქართული კენკრა ექსპორტზე ვერ გადის - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს" კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა.
იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, კენკრის გასაღების ერთადერთი ბაზარი აქამდე რუსეთი იყო, ახლა კი, რუსეთიდან თანხის გადმორიცხვის პრობლემაა და ამის გამო, კენკრის ექსპორტი სრულად შეჩერებულია.
,,წელს, მოსავალი საკმაოდ კარგია. ადგილობრივ ბაზარზე ფასიც ნორმალური, მაყვალი 5-6 ლარი ღირს, ჟოლო 7-8 ლარი. თუმცა დიდი პრობლემები გვაქვს ექსპორტის მიმართულებით.
სანამ მოსავლის აღება დაიწყებოდა, ინტერესი საკმაოდ დიდი იყო მათ შორის, პირველად უნდა გასულიყო ქართული კენკრა ისრაელში, მაგრამ ისე მოხდა, რომ პარტნიორებს შორის უთანხმოების გამო საწარმო მთლიანად დაიხურა. ექსპორტი ამ დრომდე არ განხორციელებულა არცერთი მიმართულებით. მაშინ, როცა შარშან ამ დროს, უკვე დიდი ოდენობით მოსავალი იყო გაყიდული.
მოგეხსენებათ, ქართული ხილის გასაღების ძირითადი ბაზარი რუსეთია. ახლა, იქედან თანხები ვერ შემოდის, სხვას კი ჩვენი პროდუქტი სამწუხაროდ, არავის სჭირდება, ევროპაშიც და ახლო სამეზობლოშიც საკუთარი ჭარბი მოსავალი აქვთ. ახლა, ვართ ამ მდგომრეობაში, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერები, ექსპორტიორები და მთავრობა მცდელობას არ ვაკლებთ, მოსავალი ექსპორტზე ვერ გადის“ - განუცხადა ქიტესაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.
ინფორმაციისთვის, გასულ წელს ექსორტზე 19.7 ტონა კენკრა გავიდა. სრული მოცულობა რუსეთში გაიყიდა.