ვეუბნებოდით მას, რომ ასეთი ქმედებით ინფლაციას ვერ დაიჭერ, პირიქით... აჰა, შედეგი სახეზეა, 14%-იანი ინფლაციაა - ლაშა პაპაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე

„ორწლინახევრის წინ, ვეუბნებოდით მას, რომ ასეთი ქმედებით ინფლაციას ვერ დაიჭერ, პირიქით. ახლა ეს მაკროეკონომიკაა და რყევები ყოველთვის არის, ყველაფერს და ყველას შეიძლება დააბრალო, ჯერ თურქეთს ვაბრალებდით, მერე რუსეთს... ახლა რაღას დავაბრალოთ?! ვერაფერს ვერ დავაბრალებთ. ვერ დაიჭერ, ვეუბნებოდით და აჰა, შედეგი სახეზეა. 14%-იანი ინფლაციაა“,- ამის შესახებ „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით მან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკა შეაფასა.

„ძირითადი თემა მაინც ეროვნული ბანკია და არის ყველანაირად ხელისშემშლელი პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში, ზოგადად ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის. უბრალოდ დაუჯერებელი თემაა, როდესაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეხვედრაზე აკეთებს განცხადებას, რომ ყველაზე ცუდი, რაც მას გაუკეთებია, თავისი 7-წლიანი მმართველობის პერიოდში (პრაქტიკულად დაგვცინა), საბანკო სექტორის სავალდებულო რეზერვები შევამცირე 30-დან 25-მდეო. თუ გახსოვთ, ეს იყო გახარიას პერიოდში, მთელი ბიზნესის მოთხოვნა იყო, რომ ეკონომიკაში გაეშვათ თანხა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ფუჭდებოდა ლარი მნიშვნელოვნად. გვინდოდა, რაღაც შეღავათი ყოფილიყო და „ფრეშ“ ფული გამოჩენილიყო. მთელი ბიზნესის თხოვნა რაც იყო, გააკეთა (თუმცა ჩვენ ბევრად მეტს ვითხოვდით) და ეს დაასახელა როგორც ყველაზე ცუდი, რაც გავაკეთეო. სასაცილო არ არის?! რა უნდა დავამატოთ ახლა ამას?!

ორწლინახევრის წინ, ვეუბნებოდით მას, რომ ასეთი ქმედებით ინფლაციას ვერ დაიჭერ, პირიქით... ახლა ეს მაკროეკონომიკაა და რყევები ყოველთვის არის, ყველაფერს და ყველას შეიძლება დააბრალო, ჯერ თურქეთს ვაბრალებდით, მერე რუსეთს... ახლა რაღას დავაბრალოთ? ვერაფერს ვერ დავაბრალებთ. ვერ დაიჭერ, ვეუბნებოდით და აჰა, შედეგი სახეზეა. 14%-იანი ინფლაციაა.

ჩვენ ნიშნის მოგებით კი არ ველაპარაკებით ვინმეს. უბრალოდ, შარშან, შარშანწინ, თვეების განმავლობაში რამდენი მსჯელობა და შეხვედრა დასჭირდა იმას, რომ დაგვერწმუნებინა ეროვნული ბანკი, ცალმხრივი ინვესტიციები დამღუპველია ქართული ეკონომიკისთვის, ანუ ის აფუჭებდა ლარს მიზანმიმართულად და ამას არ მალავდა. ამოიღო 300 მლნ, 400 მლნ... ჩვენ კიდევ ვეუბნებოდით, არ შეიძლება, ეს არის ტოტების მტვრევასავით, ჯერ ნაყოფი მიიღე. შეგიძლია ამოიღო რეზერვების შესავსებად მცირე თანხები და არა ისე, რომ ლარზე ზემოქმედება მოახდინო. ამიტომ, აშკარაა და ნათელია, რომ არ იყო სწორი პოლიტიკა“,- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

ნინი ქეთელაური