უკრაინის უმდიდრესმა ადამიანმა, რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ მისი საინვესტიციო კომპანია System Capital Management (SCM) მედიაბიზნესიდან გადის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. თავისი გადაწყვეტილება ბიზნესმენმა 2021 წელს მიღებული კანონით ახსნა, რომელიც ოლიგარქების გავლენის შეზღუდვას გულისხმობდა.
SCM-ის შვილობილი კომპანია - Media Group Ukraine (MGU) სატელევიზიო და ბეჭდურ მედიასაშუალებებში თავის ლიცენზიას უკრაინის ხელისუფლებას გადასცემს, ხოლო ონლაინ-მედია ფუნქციონირებას შეწყვეტს. ახმეტოვის თქმით, მისმა საინვესტიციო კომპანიამ ვერ შეძლო თავისი მედია ბიზნესის საბაზრო პირობებით გაყიდვა ომისა და უკრაინის კანონმდებლობით დაწესებული ექვსთვიანი ვადის გამო.
„როგორც უკრაინის ეკონომიკაში უმსხვილესი კერძო ინვესტორი, მე არაერთხელ განვაცხადე, რომ არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ ვიყო ოლიგარქი“, - ნათქვამია ახმეტოვის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში მისი ქონება 10 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
2022 წლის დასაწყისში კი, უკრაინულ Forbes-ში ბიზნესმენმა პირველი ადგილი დაიკავა.