ადამიანები ფინანსურ გადაწყვეტილებებს ელექტრონული ცხრილების საფუძველზე კი არ იღებენ, არამედ სადილობისას ან სასტუმრო ოთახში, სადაც ყველაფერი - პირადი ამბები, თქვენი უნიკალური შეხედულება სამყაროზე, ეგო, სიამაყე, მარკეტინგი და უცნაური სტიმულები - ერთმანეთშია არეული.
რეალურად, პირადი ფინანსების მართვა ბევრი სხარტი გონების მქონე ადამიანისთვისაც კი გამოწვევაა. ხანდახან მართლაც რთულია შენაძენის გაკეთებასთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი იმპულსები მართო, სწორად გამიჯნო სურვილები და საჭიროებები და მიმზიდველი შეთავაზების მსხვერპლი არ გახდე.
მორგან ჰაუზელი, The Collaborative Fund-ის პარტნიორი, ბიჰევიორისტული ფინანსების ექსპერტი და The Wall Street Journal-ისა და The Motley Fool-ის გამოცემებში საავტორო სვეტის ავტორი გვიხსნის, რა არის ფულის ფსიქოლოგია, რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ და როგორ ვმართოთ საკუთარი ფინანსები.
მოკლედ რომ ვთქვათ, ფულის ფსიქოლოგიის კვლევის საგანია, როგორ მოძრაობს ფული ეკონომიკაში და რა როლს ასრულებს პირადი და ემოციური ფაქტორი ფინანსურ გადაწყვეტილებებში. ასევე, ის იკვლევს, როგორ ვიფიქროთ ისე, რომ მივიღოთ უკეთესი და რაციონალური ფინანსური გადაწყვეტილებები.
ზოგადი ფინანსური რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება მორგან ჰაუზელის წიგნიდან გამოვიტანოთ, ასეთია:
გაითვალისწინე იღბლისა და რისკის როლი
მარტივია დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ შენი ფინანსური კეთილდღეობა მთლიანად შენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზეა დამოკიდებული, რადგან შეიძლება ყოველთვის ასე არ მოხდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სხვა ფაქტორების გამო, ის შედეგი არ დადგეს, რისი მოლოდინიც გქონდა, ამიტომ იღბალიც მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია განვსაზღვროთ, რა გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინოს მასზე უარყოფითი ზეგავლენა და შეგვიძლია თუ არა მათი თავიდან არიდება.
რისკის გაწევა იმისათვის, რაც რეალურად არ გჭირდება
„არ არსებობს მიზეზი, რისკის ქვეშ დააყენო ის, რაც გაქვს და საჭიროება იმისა, რაც არ გაქვს და არ გჭირდება,“ - ეს სიტყვები ამერიკელ ინვესტორს, ბიზნესმენსა და ქველმოქმედს უორენ ბაფეტს ეკუთვნის.
არაფერია ცუდი იმაში, მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ვეძებოთ და ამისთვის კარგად ნაფიქრი და ხანდახან რისკიანი გადაწყვეტილებებიც მივიღოთ. მიუხედავად ამისა, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის სხვასთან შედარება და რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება ისეთი საჭიროებების გამო, რაც რეალურად არ გაგაჩნია, ნაკლებად გონივრულია.
ფულის გამომუშავებასთან ერთად, მის შენახვაზეც იზრუნე
ფულის გამომუშავება შრომასთან, რისკებთან, ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნებასთან, ხშირად რუტინასა და ზედმეტ წესრიგთანაც არის კავშირში, თუმცა აღნიშნულ უნარებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია გვქონდეს დანაზოგის გაკეთების ჩვევაც.
როგორც წიგნის ავტორი წერს, აღნიშნული ჩვევა მოითხოვს ეკონომიურად ხარჯვასა და იმის გააზრებას, რომ რაც გაქვს, იღბლის დამსახურებაც არის და წარმატება შეიძლება ვეღარ გაიმეორო.
აქციე ნაღდი ფული მეგობრად
„გეგმა მხოლოდ მაშინ არის გამოსადეგი, როცა რეალობაში შეიძლება მისი დანერგვა და უცნობებით სავსე მომავალი კი ყველას რეალობაა,“ - წერს ავტორი.
„ფულის ფსიქოლოგიაში“ ის ახალგაზრდებს ურჩევს, თავიანთი დანაზოგის ნაწილის ინვესტირება მოახდინონ, რათა ინფლაციის გამო დაზოგილი თანხის მსყიდველუნარიანობა არ შემცირდეს.
ამასთან, ნაღდი ფული საშუალებას გაძლევს, უკეთ აკონტროლო რამდენს და რაში ხარჯავ, ვიდრე პლასტიკური ბარათი, რომლითაც ნაკლებად ეფექტურად აკონტროლებ დარჩენილი თანხის რაოდენობას. გარდა ამისა, ნაღდი ფულის დანაზოგის სახით გადანახვა საშუალებას გაძლევს, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში გარკვეული საჭიროებები დაიკმაყოფილო.
ფუფუნების საგნებითა და ძვირფასი ნივთებით ადამიანების პატივისცემას ვერ დაიმსახურებთ
„ფერარი“, „კარტიეს“ საათები, „ჰერმესის“ ჩანთები მართლაც ბევრისთვის სასურველი ფუფუნების საგნებია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ შეძენას არ უნდა მივუძღვნათ საკუთარი ცხოვრება მხოლოდ იმისთვის, რომ ამით სხვების თვალში უფრო წარმატებულები და დაფასებულები აღმოვჩნდეთ. მსგავს ნივთებს იძენენ ისინი, ვის შემოსავლისა და ქონებისთვისაც მათზე გაწეული დანახარჯი მცირეა და არ აზარალებთ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანებს შეიძლება მოეწონოთ ჩვენი „ფერარი“, მაგრამ არა ჩვენ, ამიტომ სხვების გასაოცებლად მთელი ჩვენი დანაზოგი ძვირფას ნივთებში არ უნდა გავფლანგოთ.
წიგნის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და მის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
(R)