მილიარდერ ილონ მასკის კუთვნილებაში მყოფი კომპანია Starlink საქმიანობას საქართველოშიც გააგრძელებს.
29 ივნისს Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში შვილობილი „სტარლინკ ჯორჯია“ დააფუძნა და ავტორიზაციის მიზნით კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა.
კომუნიკაციების კომისიაში SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. გაცნობით შეხვედრაზე კომისიის და მედიალაბის თანამშრომლებმა Starlink-ის წარმომადგენელთან საქართველოში, სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ხედვაზე, ასევე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.
საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
აღსანიშნავია, რომ Starlink-ის ოფიციალურ საიტზე საქართველოს ტერიტორია უფასო ინტერნეტის მომლოდინეთა კატეგორიას მიეკუთვნება.