თხილის სეზონის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ რეგიონში უხვი ნალექის გამო, ახლა გეგმიური წამლობები ვერ მიმდინარეობს.
,,სამწუხაროდ, დასავლეთ საქართველოში უამინდობა გრძელდება, რაც სამუშაოებს აფერხებს. ახლა, უნდა მიმდინარეობდეს ინტენსიური წამლობები, რასაც ვერ ვახერხებთ. ფერმერების მობილიზაცია საკმაოდ დამაიმედებელია. დიდი რაოდენობაა ფერმერების, რომლებმაც წამლობების დიდი ნაწილი ჩაატარეს, რაც ხარისხიანი მოსავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ახლა, ყველაფერი დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი“, - განაცხადა ჭითანავამ.
მისივე თქმით, გასულ წელს, მოსავლის აღების პროცესში სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანი დეფიციტი და უპრეცენდენტოდ მაღალი ფასი იყო.
,,სამუშაოები მოცვის პლანტაციებმა გაზარდა რეგიონში. იმედი გვაქვს, რომ მოცვის მოსავალთან დაკავშირებული სამუშაოები თხილის მოსავლის აღების დაწყებამდე დასრულდება. უკვე გვყავს მობილიზებული ჯგუფები, რომლებიც მოსავლის აღებაზე იმუშავებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, დეფიციტი მაინც არსებობს, რაც ბოლო წლებში მოსავლის ნათესი ფართობების ზრდამ განაპირობა. ვცდილობთ, აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოვიყვანოთ სამუშაო ძალა მოსავლის აღებისთვის. მზადება უფრო ინტენსიურად მომავალი კვირიდან დაიწყება. გასულ წელს, ჩვენ უპრეცენდენტოდ მაღალი ფასი გადავიხადეთ მოსავლის აღებაში, თუ წელსაც იგივე ფასებით გაგრძელდა, ფერმერებს ძალიან გაუჭირდებათ. იმედია, წელსაც ასეთი ძვირი არ დაგვიჯდება მოსავლის აღება“ - განუცხადა ჭითანავამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.
INC-ის პროგნოზით, 2022/23 წლიურ სეზონზე საქართველო, მიმდინარე სეზონის მსგავსად, 55 ათას ტონა ნაჭუჭიან თხილს აწარმოებს და იდენტური მაჩვენებლით ჩილეს, ჩინეთისა და აზერბაიჯანის დონეზე, მე-7 ადგილზეა. თუმცა მიმდინარე სეზონიდან დარჩენილი 5 ათასი ტონის დამატებით საქართველოს მთლიანი მიწოდება 60 ათასი ტონა იქნება, რითიც ქვეყანა წამყვანი სამეულის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს.