1-ლი სექტემბრიდან 200 ათას ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში კვლავ შესაძლებელი ხდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 15 ივლისის ბრძანებაშია აღნიშნული.
კერძოდ, ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 23 იანვრიდან 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარში იყო შესაძლებელი. აღნიშნული წესი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე ვრცელდებოდა. მანამდე ლარში გასაცემი სესხის ზღვარი 100 ათას ლარს შეადგენდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამონაკლისის სახით აქამდე - ბანკებს 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე და უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე შეეძლოთ.