LEGO-მ „აზოვსტალის“ დამცველ გმირებზე სათამაშოები გამოუშვა

საბავშვო კონსტრუქციების მწარმოებელ დანიურ კომპანია LEGO-ს ახალი ფიგურების გმირები „აზოვსტალის“ უკრაინელი დამცველები გახდნენ.

პირველი სურათები აშშ-ის სიეტლში დაფუძნებული კომპანია, The Brothers Brick-ის დამფუძნებელმა, ენდრიუ ბიკრაფტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა, რომელიც LEGO-ს ერთ-ერთი საცალო მოვაჭრეა. ინფორმაციას გაზეთი KyivPost ავრცელებს.

ფიგურებს შორის ადვილი ამოსაცნობია პოლკ „აზოვის“ მეთაური, დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი (მეტსახელად, „კალინა") და შტაბის უფროსი, ბოგდან კროტევიჩი (მეტსახელად „ტავრი").

ახალ კოლექციაში, ასევე, შევლენ უკრაინელი მედიკოსები და სამხედრო ჟურნალისტი, ილია პონომარენკო.

„თავდაცვის სამინისტროს საზღვაო ქვეითებმა, უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა, „ტერობორონას“ მოხალისეებმა და „აზოვსტალის“ სხვა დამცველებმა, რომლებიც მარიუპოლს, თითქმის, სამი თვის განმავლობაში იცავდნენ, რუსული არმიის წინსვლა შეაჩერეს და დედაქალაქ კიევისთვის ბრძოლაში უკრაინას გამარჯვება მოაპოვებინეს,“ - წერს ენდრიუ ბიკრაფტი.

როგორც ცნობილია, Lego რუსეთში კომერციულ საქმიანობას განუსაზღვრელი ვადით წყვეტს. რის მიზეზადაც „საოპერაციო გარემოში მიმდინარე მნიშვნელოვანი შეფერხები“ დაასახელა.

ამასთან, Lego-ს მოსკოვის გუნდის უმრავლესობის საქმიანობა შეჩერებულია, ხოლო რუსეთში კომპანიის მაღაზიების მმართველ Inventive Retail Group-თან პარტნიორობა შეწყდა. Lego-ს მოსკოვის განყოფილებამ ანაზღაურების გადახდით უკვე 70 თანამშრომელი გაათავისუფლა.

მარტის დასაწყისში Lego-მ თავისი პროდუქციის რუსეთში მიწოდება უკრაინის ომის გამო დროებით შეაჩერა. ასევე, ივნისის დასაწყისში კომპანიის ქსელში, „მირ კუბიკოვ" რამდენიმე მაღაზია საქონლის ნაკლებობის გამო დაიხურა.

SPARK-ის მონაცემებით, 2021 წელს Lego-ს რუსული განყოფილების შემოსავალმა 19 მლრდ რუბლს (322 527 250 დოლარს) გადააჭარბა, ხოლო წლიური სუფთა მოგება 63%-ით, 1,8 მლრდ რუბლამდე (30 526 213 დოლარამდე) გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ