ალპებში მყინვარის დნობამ იტალია-შვეიცარიის საზღვარი შეცვალა

ალპებში, თეოდულუსის უღელტეხილზე მყინვარის დნობის გამო იტალიასა და შვეიცარიას შორის საზღვარი შეიცვალა, რის შედეგადაც იტალიის სამთო სახლის ადგილმდებარეობაზე დავა წარმოიშვა. ინფორმაციას Agence France-Presse (AFP) ავრცელებს.

ალპებში იტალია-შვეიცარიის საზღვარი წყალგამყოფის გასწვრივ მდებარეობს. ეს არის საზღვარი, სადაც მყინვარის დნობის წყალი მთის ორივე მხრიდან ჩაედინება. იტალიის მხარეს, ტესტა გრიჯიას („ნაცრისფერი მთის“) წვერზე, 3480 მეტრ სიმაღლეზე 1984 წელს ტურისტებისთვის აშენებული სახლი დგას.

ახლომდებარე თეოდულუსის მყინვარი მასას სწრაფად კარგავს. 1973-დან 2010 წლამდე მისი მოცულობა განახევრდა, რის გამოც წყალგამყოფი თანდათან შენობის ქვეშ მოექცა და იტალია-შვეიცარიის საზღვარმა გადაინაცვლა.

2018 წელს, ალპებში სასაზღვრო საკითხის მოსაგვარებლად ქვეყნებმა ფარული დიპლომატიური კონსულტაციები დაიწყეს და კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიაღწიეს. თუმცა მხარეები ამის გამხელას არ ჩქარობენ, ვიდრე შვეიცარიაში შეთანხმებას არ დაამტკიცებენ.

„ჩვენ დავის დასრულებაზე შევთანხმდით და თუ გამარჯვებული არც ერთი მხარე არ არის, წაგებითაც არავის წაუგია,“ - ამბობს შვეიცარიის ეროვნული ტოპოგრაფიული სააგენტო Swisstopo-ს სასაზღვრო მოსამსახურე, ალენ ვიხტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ