ავარიები მცირდება, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა იზრდება - რა არის ამის მიზეზი

ავარიები მცირდება, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველში 2572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რაც 7%-ით ნაკლებია წინა წილის 6 თვის სტატისტიკაზე, ხოლო დაიღუპა 201 ადამიანი, ეს 14,5%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. ამასთან, წელს, 6 თვეში, ავარიების შედეგად 3538 ადამიანი დაშავდა.

როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ავტოკატასტროფების ასეთი მაღალი სტატისტიკის მიზეზია ის, რომ ქვეყანას საგზაო უსაფრთხოების სისტემა არ აქვს. მისი თქმით, როგორც წესი, კანონის გამკაცრება არ ეყრდნობა კვალიფიციურ კვლევებს და ეს არის სპონტანური გადაწყვეტილებები.

ამასთან, როგორც დავით მესხიშვილმა აღნიშნა, ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკული შემთხვევებს ერთი და იგივე შინაარსი აქვს და კატასტროფა პარაპლანით იქნება, სარკინიგზო, თუ საავტომობილო, ყველას ერთი ხაზი აერთიანებს.

„ეს კატასტროფები, რომელსაც თვალს ვადევნებდით ამ დღეების განმავლობაში, თითქოს, მიზეზი სხვადასხვაა, სინამდვილეში შინაარსი ერთი და იგივეა აქვს. ეს ყველაფერი უკავშირდება უსაფრთხოების სისტემებს. რიგ შემთხვევაში, უსაფრთხოების სისტემები არის მოშლილი, ხოლო, რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ არსებობს. მე ვერ ვიტყვი, რომ საგზაო უსაფრთხოების სისტემა არის მოშლილი, იმიტომ, რომ ის უბრალოდ, არ არსებობს. საგზაო უსაფრთხოების სისტემა, ანუ სტრუქტურა, ორგანიზაცია, რომელიც შეისწავლის საგზაო შემთხვევებს, შემდეგ დაწერს დასკვნას და ამის მიხედვით პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმება, არ არსებობს. ეკონომიკის სამინისტროში არის საგზაო უსაფრთხოების კომისია, რომელშიც რაც არ უნდა კვალიფიციური და ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანები იყვნენ, სტრუქტურულად მოწყობა საგზაო უსაფრთხოებაზე ვერ პასუხობს გამოწვევებს.

როგორც წესი, კანონის გამკაცრება არ ეყრდნობა კვლევებს, კვალიფიციურ დასკვნებს და ეს არის სპონტანური გადაწყვეტილებები. მაგალითად, გახსოვთ ალბათ, ექსკურსიების სახელით მომხდარი საგზაო შემთხვევები, ამის შემდეგ გამოდიოდნენ ადამიანები და - ახლა ეს ავკრძალოთ, ყველაზე „კარგი“ გამოსავალია ხოლმე.

ითქვა, რომ ექსკურსიები 150 მეტრის რადიუსში უნდა ეწყობოდეს, რაც სრული სიგიჟე და არასერიოზული გადაწყვეტილებაა. მაშინ საქართველოს ისტორია ბავშვებს ასწავლონ 150 კილომეტრის რადიუსში. ეს რა შუაშია საერთოდ, ვინ თქვა, რომ 60 კილომეტრში არ შეიძლება რამე ტრაგედია მოხდეს?! ნაცვლად იმისა, რომ უსაფრთხოების სისტემაზე მიეღოთ გადაწყვეტილება, ექსკურსიები აუკრძალეს ბავშვებს. ეს არის წარმოუდგენელი, დაუჯერებელი და დილეტანტური გადაწყვეტილება. ამას საგზაო უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს. სიმართლე გითხრათ, ვერც გეტყვით, რასთან აქვს საერთოდ კავშირი.

ამ შემთხვევებს, პარაპლანით იქნება, სარკინიგზო თუ ავტოშემთხვევა, ყველას ერთი ხაზი აერთიანებს.

როდესაც პირველი ტურისტი გარდაიცვალა პარაპლანით, პასუხისმგებლიანი სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები შეისწავლიდნენ გარდაცვალების მიზეზს, რა მოხდა, რა იყო დარღვეული, დაწერდნენ კვალიფიციურ დასკვნას და დაიგეგმებოდა პრევენციული ღონისძიებები. როდესაც მოხდა პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა, მასშტაბური, ავტოკატასტროფის კატეგორიაში რომ გადის, გომბორში, ამის შემდეგ დასხდებოდნენ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები, დაწერდნენ კვალიფიციურ დასკვნას, ეს როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან, მაგრამ მოხდა ის, რომ დაიღუპა მეორე ტურისტი, მესამე, მეოთხე ტურისტი... გზებზე თუ გადავალთ, გომბორის ტრაგედიას მოჰყვა შატილის კატასტროფა, ამას მოჰყვა სხვა ტრაგედიები, რატომ??! იმიტომ, რომ არცერთი შემთხვევის დროს არ ხდება კვალიფიციური შესწავლა, შემდეგ რეკომენდაციების დაწერა და ამის შესრულება“,- განაცხადა დავით მესხიშვილმა.

ნინი ქეთელაური