Coca-Cola რუსეთში „Добрый Cola“-ს დასახელებით გამოვა

Coca-Cola-ს რუსეთში რებრენდინგის შემდეგ „Добрый Cola“ დაერქმევა. ინფორმაციას Mash-ზე დაყრდნობით რუსული სარეკლამო პორტალი, AdIndex ავრცელებს.

Mash-მა, ასევე, სასმელების მომავალი სავარაუდო ეტიკეტები გამოაქვეყნა. მანამდე მსგავსი ფოტოები Telegram-არხმა, MUR-მაც გაავრცელა. თავად Coca-Cola-რუსეთის პრესსამსახური AdIndex-სთან რებრენდიგზე კომენტარს არ აკეთებს.

სახელები, ასევე, Fanta-ს „Добрый Orange“-ით, ხოლო Schweppes-ს „Rich тоник“-ით ჩაენაცვლება. გამოცემის ცნობით, მწარმოებლის კიდევ ერთი სასმელი, Sprite დახლებიდან ცოტა ხნით გაქრება. მწარმოებელი, ასევე, ახალი არომატების, კერძოდ, Dushes-ის, Cherry-ის, Lemonade-ის, Mango-სა და Sib Travy-ის დამატებას გეგმავს.

Mash წერს, რომ რუსეთში ახალი პროდუქტების ფასი, დიდი ალბათობით, არ შეიცვლება. პირველი პარტიის გამოშვება შემოდგომაზე იგეგმება. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში Coca-Cola-ს წარმოება აღარ გაგრძელდებოდა. Reuters წერდა, რომ დარჩენილი პროდუქტის მარაგის ამოწურვის შემდეგ კომპანია რუსეთში Coca-Cola-ს ან The Coca-Cola Company-ის სხვა ბრენდებს აღარ აწარმოებდა და არც გაყიდიდა.

ივლისში AdIndex წერდა, რომ Coca-Cola HBC Russia-მ სახელი „Multon Partners“-ად გადაირქვა, ხოლო კომპანიის გენერალურ დირექტორად ალექსანდრე რუჟევიჩი დაინიშნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ