რა ღირს ბინები თბილისში - რომელია ძვირად ღირებული და იაფი უბნები

2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.9 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-2.4 პროცენტი).

ამასთან, 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში 8.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წლის მეორე კვარტალში ბინების ღირებულება (1კვ.მ) დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შემდეგი იყო:

  • მთაწმინდა - 4 339 ლარი;
  • ვაკე - 3 845 ლარი;
  • კრწანისი - 2 937 ლარი;
  • საბურთალო - 2 927 ლარი;
  • ჩუღურეთი - 2 856 ლარი;
  • დიდუბე - 2 814 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 740 ლარი;
  • ისანი - 2 580 ლარი;
  • გლდანი -2 558 ლარი;
  • სამგორი - 2 451 ლარი.
თაია არდოტელი