Bloomberg - ანომალურმა სიცხეებმა მსოფლიოში ბამბის ფასი გაზარდა

გვალვამ და სიცხეებმა მსოფლიოში ბამბის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. როგორც Bloomberg-ი წერს, ბამბა 30%-ით უკვე გაძვირდა, რითაც 2011 წლის რეკორდი მოხსნა. მეტიც, ანომალური სიცხეების გამო ბამბის ნომერ პირველი მწარმოებელი ინდოეთი ახლა იძულებულია, რომ პროდუქტის იმპორტი განახორციელოს.

სააგენტოს ცნობით, ბამბის მსოფლიო ექსპორტში ბრაზილია მეორე ადგილზეა (17%), აშშ-ს კი 33% უკავია. სააგენტოს ცნობით, აშშ-ში ბამბის წარმოება ამ სეზონში 28%-ით შეცირდა, ბაზარი კი ელოდება, რომ მოცულობა 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწევს.

ბამბის სიდიდით მეორე ექსპორტიორ ქვეყანაში, ბრაზილიაში, მოსავალი 30%-ით შემცირდა. ბრაზილიელმა მწარმოებლებმა გამოთვალეს, რომ დაახლოებით 200 ათასი ტონა ბამბის მარაგი გვალვის გამო გაუარესდა.

წარმოების შემცირება და ბამბის გაძვირება საფრთხეს უქმნის რიგ საქონელზე ფასების ზრდას, ეს ეხება მაისურებს, საფენებს, ქაღალდს, მუყაოს და სხვა პროდუქტებს. ამერიკული ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის Children's Place-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეინ ელფერსმა ინვესტორებს განუცხადა, რომ ბამბის მიწოდების დღეს არსებული მდგომარეობა „ჩვენთვის ძალიან, ძალიან დიდი პრობლემაა“.

Wall Street Journal-ის თანახმად, გვალვის გამო მიტოვებული ბამბის მინდვრების წილი 40%-ს აღწევს. ფერმერებმა წელს ბამბა 12,5 მილიონ ჰექტარზე დარგეს, მაგრამ ბამბის მოსავალი მხოლოდ 7 მილიონი ჰექტარიდან არის შესაძლებელი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აშშ-ში ბამბის მოსავალი წლიურად დაახლოებით 28%-ით შემცირდება, ხოლო 1868 წლის შემდეგ მოსავალი ყველაზე მცირე იქნება.