წლის ბოლომდე მსოფლიოში ყავის ფასი მოიმატებს. მიზეზად, ყავის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, ცუდი მოსავალი სახელდება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
2021 წელს, ყავის პლანტაციები ბრაზილიაში ჯერ გვალვის, შემდეგ კი ყინვების გამო დაზიანდა. ამის გამო, არაბიკის მარცვლების მოსავლის მხოლოდ ნახევარს მოელიან. ინფორმაცია ყავის კოოპერატივმა Minasul-მაც დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ წელს, დაგეგმილი მოცულობის ნახევრის მიწოდებას შეძლებენ.
უკვე მეორე წელია, მოთხოვნა ყავაზე მკვეთრად მატულობს, თუმცა მისი მარაგები, მინიმუმამდეა დასული. ფასები კი მატულობს. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში, ყავის ფასმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ფუნტზე 2,58 დოლარს მიაღწია. მოგვიანებით ფასმა იკლო და 2,23 დოლარი გახდა, მაგრამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ის მაინც მაღალი რჩება.