საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 7 თვეში იმპორტიორებს ქვანახშირის შესყიდვა 17 მილიონზე ოდნავ მეტი დაუჯდათ, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 7.9 მილიონზე, თითქმის ორჯერ, 115.2%-ით მეტია.
მართალია, შემოტანილი ნედლეულის ფასი გაიზარდა, თუმცა შემცირდა რაოდენობა, რაც მის გაძვირებაზე მეტყველებს - მიმდინარე წელს იმპორტით 86.1 ათასი ტონა ქვანახშირი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 94.7 ტონაზე, 9.1%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან მხოლოდ 21.6 ათასი დოლარის (61.7 ტონა) ქვანახშირი გავიდა გასაყიდად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 4.96 ათას (32 ტონა) დოლარს შეადგენდა.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ქვეყანაში ქვანახშირის უმთავრესი შემომტანი რუსეთია, რომელზეც იმპორტის 90%-ზე მეტი მოდის. შემდეგ მოდის თურქეთი, მცირე წილი აქვთ ყაზახეთსა და აზერბაიჯანსაც.
ქვანახშირის ფასების ზრდა მსოფლიოში რესურსზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება - უკრაიანაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა, ევროპაში კი რუსული ენერგორესურსების თანდათან ჩანაცვლებას გეგმავენ. ომით გამოწვეული ენერგოკრიზისისა და ენერგიის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, კონტინენტზე ქვანახშირზე მომუშავე გაჩერებულ ელექტროსადგურებს აბრუნებენ, რაც რესურსზე მოთხოვნასა და შესაბამისად, ფასსაც მკვეთრად ზრდის.