„ეს სრუტეები გარესამყაროსთან გვაკავშირებს, ყველა კონტეინერი ბოსფორის სრუტის გავლით შემოდის და გადის“ - როგორ აისახება თურქეთის გადაწყვეტილება ფასებზე

"ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემებისთვის გავლის საფასურის ზრდა, საბოლოო ჯამში, პირდაპირ აისახება სამომხმარებლო ფასებზე, ასევე გართულდება ლოგისტიკა შავ ზღვაში" - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი იაშვილმა განუცხადა.

7 ოქტომბრიდან თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის საფასურს 5-ჯერ გაზრდის. განკარგულების თანახმად, 1 ტონაზე გადასახადი 0.8 დოლარიდან 4 დოლარამდე მოიმატებს, რამაც შემოსავალი 40 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე უნდა გაზარდოს.

"წარმოუდგენელი ზრდაა. ეს სერიოზულად გაზრდის როგორც საიმპორტო, ასევე საექსპორტო გადაზიდვების ღირებულებას. ომის ფონზე შავ ზღვაში სადაზღვევო გადასახადები ისედაც გაძვირებულია, პანდემიის შემდეგ ლოგისტიკაც გაძვირდა, ამ ყველაფერს დამატებული ეს ცვლილება კი ტვირთის მფლობელების ხარჯებს ძალიან გაზრდის, რაც, საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო საქონლის ფასზე აისახება.

ამ გადასახადს, როგორც წესი, იხდის გემის მეპატრონე, მაგრამ გემთმფლობელი გემს აქირავებს ტვირთებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა შემთხვევაში, ეს აისახება საბოლოო მომხმარებელზე. ეს მოახდენს ზეგავლენას გემის ფასზეც და შესაბამისად, გემის დამქირავებელი დაიწყებს ფიქრს, თუ რა ქნას და რა ალტერნატიული გზები მოძებნოს.

ეს სრუტეები გარესამყაროსთან გვაკავშირებს. საქართველოში ყველა კონტეინერი ბოსფორის სრუტის გავლით შემოდის და გადის. სამანქანო გადაზიდვები ბოსფორს გვერდს უვლის და პირდაპირ გადადის ევროპაში ბორნით, თუმცა მათი რაოდენობა შეზღუდულია და ბოსფორის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ შედარებაც კი არ შეიძლება", - ამბობს ირაკლი იაშვილი.

ირაკლი იაშვილის თანახმად, ამ პერიოდში გაზრდილია ტვირთბრუნვა და საქართველოდან, სხვა პროდუქციასთან ერთად, სრუტის გავლით დიდი რაოდენობით სასუქი გადის. მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნაწილის გატანა უკრაინაზე გამავალი მარშრუტითაა შესაძლებელი, რუსულმა სამხედრო აგრესიამ მდგომარეობა შეცვალა და ამ სრუტეების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა.

"ამ პერიოდში ძალიან გაიზარდა სასუქი და დიდი რაოდენობით გადის გოგირდი, გვარჯილა და სხვ. ასევე ჭიათურის ფეროშენადნობები, ღვინო, თითქმის ყველაფერი ბოსფორის გავლით გადის. ხილის და ღვინის პროდუქციის ნაწილის გატანა მანქანებითაცაა შესაძლებელი, თუმცა მარშრუტი უკრაინაზე გადის და ახლა ვითარების ცვლილების გამო ძირითადი დატვირთვა საზღვაო გადაზიდვებზეა.

არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ხუთმაგი ზრდა ძალიან შეცვლის და გაართულებს ლოგისტიკას. მაგალითად, ჩვენი საკონტეინერო კომპანია ქირაობს გემს, თუ გაიზარდა გადასახადი, მაშინ კონტეინერის გემზე დადების და გადაზიდვის გადასახადიც გამეზრდება, რომელიც, შესაბამისად, კონტეინერში მოთავსებული ტვირთის მფლობელმა უნდა დაფაროს და საბოლოო ჯამში, ამის გადახდა მომხმარებელს მოუწევს, როგორც ჩვენთან, ისე საექსპორტო ქვეყანაში. ამას რამდენად აიტანს ჩვენი პროდუქცია, არ ვიცი. მგონია, რომ ამისთვის მზად არ ვართ", - თქვა ირაკლი იაშვილმა.

ცნობისთვის, 1936 წელს მიღებული მონტრეს კონვენციის შესაბამისად, აღდგა თურქეთის სუვერენიტეტი სრუტეებზე, კომერციული გემებისათვის ამ სრუტეებში გავლა კი მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს გახდა თავისუფალი. შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს სრუტეებში ატარებენ არსებითი შეზღუდვების გარეშე. სხვა ქვეყნების სამხედრო გემების გატარება იზღუდება მათი კლასის, ტონაჟის და შავ ზღვაში ყოფნის ვადების მიხედვით.

კახი ჩაკვეტაძე