უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურების ტენდეციებს ავლენს. აგვისტოს დასაწყისში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება დაახლოებით 2,76 ლარს შეადგენდა, თუმცა არსებულ რეალობაში ტენდეცია შეიცვალა და ერთი დოლარი 2,88 ლარის ფარგლებშია. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკა 70 მლნ დოლარი შეისყიდა, ხოლო გაუფასურების ფონზე დაახლოებით 40 მლნ დოლარი გაყიდა. კითხვაზე ხომ არ შეუწყო ეროვნული ბანკის ინტერვენციებმა ლარის გაუფასურებას ხელი, „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა, პირიქით, ლარის მერყეობა შეამცირა.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეროვნულ ბანკს არ გააჩნია ლარის კურსის რაიმე ოფიციალური სამიზნე. შესაბამისად, თუ სებ-ი გარკვეული კურსის დროს გააკეთებს ინტერვენციებს, ამის მიზანი შეიძლება იყოს კურსის ნახტომისებური მერყეობა როგორც გამყარების, ისე გაუფასურების მიმართულებით. მთლიანობაში მე ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა ლარის კურსის ნაკლებ მერყეობას შეუწყო ხელი. ჩემი აზრით, დღეს ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის მოლოდინები. თუმცა ამ გაურკვევლობის მიუხედავად „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით წლის ბოლოს ერთი დოლარის ღირებულება 2,8 ლარის ფარგლებში იქნება“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.