მიმდინარე პერიოდში, როდესაც გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, წინა პლანზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წამოიჭრა. საუბარია შემთხვევებზე, როდესაც ბინის დამქირავებელი აღარ უხდის ქირას მეპატრონეს და არც სახლს ტოვებს. ამ შემთხვევაში კი მეპატრონე რთულ მდგომარეობაში ვარდება და პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა მხოლოდ სასამართლო დავაა. როგორც პალიტრანიუსის „დილის პალიტრას“ ეთერში იურისტი რაულ აგიკიანი აცხადებს, დღეს კანონში უამრავი ხარვეზია, რომლის გამოც მეპატრონის საკუთრების უფლება დაკნინებულია. შედეგად, მსგავსი ტიპის შემთხვევებში ბინის მეპატრონის უფლებები ირღვევა.
„პრობლემა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ახალი არ არის. სინამდვილეში აღნიშნული პრობლემა დგას 2015 წლიდან. 2007 წელს შევიდა სამოქალაქო კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების მესაკუთრეს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე ჰქონდა უფლება იმ პირის გამოსახლება მოეთხოვა პოლიციისთვის, რომელიც მის სახლში უკანონოდ ცხოვრობდა. თუმცა 2015 წელს კანონმდებლობის მიმღებებმა აღნიშნული მუხლი გააუქმეს. შესაბამისად, მოცემული დავები ისევ მხოლოდ სასამართლოს გზით შეიძლება მოგვარდეს.
შედეგად დღევანდელ რეალობაში მოცემული დავები მხოლოდ სასამართლოს გავლით წყდება, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი პრობლემებია. მაგალითად, სამოქალაქო პროცესი პირდაპირ იძახის, რომ ინდიკაციური სარჩელი უნდა მორჩეს 2 თვეში, მაგრამ რეალურად 2 თვეში პირველი პროცესი არ ინიშნება. მეორე პრობლემა ისაა, რომ იგივე სამოქალაქო კოდექსში არის მუხლი, რომელიც გვეუბნება, რომ ინდიკაციურ საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყონებლივ. ანუ მაგალითად თუ მესაკუთრე მართალია, მაშინ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს ბინის დამქირავებლის გამოსახლება, მაგრამ არცერთი მოსამართლე ამას არ აკეთებს, ყველა ელოდება საქმის უზენაეს სასამართლომდე ასვლას, რასაც 3-4 წელი სჭირდება.
შესაბამისად, ეს პროცესი დროში მნიშვნელოვნად გაწელილია, რის გამოც მესაკუთრე ზარალდება და კარგავს შემოსავლის წყაროს. აქვე უნდა დავამატოთ, რომ მოცემული დავები სასამართლო დონეზე მიმდინარეობს როგორც წერილობითი, ისე ზეპირ სიტყვიერი შეთანხმების შემთხვევაში. ყველაფერი აქედან გამომდინარე, კანონში უამრავი შავი ხვრელია, რომელსაც ბინის დამქირავებლები სათავისოთ იყენებენ“, - აცხადებს რაულ აგიკიანი