ლიზ ტრასმა ენერგიაზე კომუნალური გადასახადები ორი წლით გაყინა

ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა ენერგიაზე საშუალო გადასახადი, რომელიც 2500 ფუნტს შეადგენს, ორი წლის განმავლობაში გაყინა. The Telegraph-ის შეფასებით, პრემიერის მიზანია, ყველა ოჯახი გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდისგან დაიცვას.

გამოცემის მონაცემებით, ასეთი ინტერვენციის გარეშე საყოფაცხოვრებო ენერგიის საშუალო გადასახადი მომავალ თვეში 80%-ით, ანუ წელიწადში 1971 ფუნტიდან 3549 ფუნტამდე გაიზრდებოდა, ახლა კი საშუალო გადასახადი 1-ლი ოქტომბრიდან 2024 წლამდე 2500 ფუნტით შემოიფარგლება. აღსანიშნავია, რომ შემდეგი საყოველთაო არჩევნები სწორედ 2024 წელს უნდა გაიმართოს.

პაკეტი, რომელიც შესაძლოა, 130 მლრდ ფუნტ სტერლინგამდე დაჯდეს, სავარაუდოდ, მთავრობის სესხებით დაფინანსდება და ენერგიაზე გადასახადების სამომავლო გაზრდით არ კომპენსირდება. თუმცა დამატებით დეტალებს კანცლერი ამ თვის ბოლოს გაასაჯაროვებს.

ბრიტანეთში ენერგიაზე ფასის ზღვარს ისტორიულად მარეგულირებელი ორგანო, Ofgem ადგენს. 1-ელ ოქტომბრამდე ლიმიტი 1971 ფუნტის ოდენობით არის განსაზღვრული, რომლის 3549 ფუნტამდე გაზრდას მოელოდნენ, ხოლო მომავალი წლის 1-ელ იანვარს 5386 ფუნტად, 1-ლი აპრილიდან კი 6616 ფუნტად უნდა გაზრდილიყო. თუმცა 2024 წლამდე გადასახადი 2500 ფუნტის მაჩვენებელს აღარ ასცდება.

ამასთან, The Telegraph წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს ყველა ოჯახი, ცხოვრების მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, მთავრობისგან 400 ფუნტ სტერლინგს კვლავ მიიღებს. ეს პროექტი პრემიერ მინისტრობის პოსტზე ლიზ ტრასის ყოფილმა მთავარმა კონკურენტმა კანდიდატმა, რიში სუნაკმა ჯერ კიდევ კანცლერობის დროს შეიმუშავა. ეს არის ერთჯერადი დაფინანსება, რომელიც ოჯახებს ენერგიის გადასახადებიდან ავტომატურად ჩამოეჭრებათ და დაფარვას არ ექვემდებარება.

პრემიერ-მინისტრის გუნდის მიერ დასახელებული 2500 ფუნტი ამ ფასდაკლებას ითვალისწინებს და არსებულ ზღვარზე, ანუ 1971 ფუნტზე მაღალი ფასი ამიტომაც დაწესდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ