ოფიციალური მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტით, საქართველოს შემოსავალი 337%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, იანვარ-ივლისის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიის რეალიზაციიდან ქვეყანამ 64.78 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14.8 მილიონი იყო.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ ის ფაქტორები დაასახელა, რომელმაც ექსპორტის რეკორდულ ზრდას ხელი შეუწყო. მათ შორისაა, ენგურჰესის ამოქმედება.
„პირველი მიზეზი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის არის ენგურჰესის ამუშავება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მოხდა ენგურჰესის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც გვირაბში არსებული დანაკარგები მინიმუმამდე იქნა შემცირებული და თითქმის, 30%-ით გაიზარდა მისი გამომუშავების დონე.
რაც შეეხება, მეორე ფაქტორს, ეს არის უხვი ნალექი, როგორც თოვლის, ისე წვიმის სახით, რომელმაც უფრო მეტი წყლის რესურსი მოაგროვა შესაბამის სადგურებში. აქედან გამომდინარე, ენგურჰესმა, იგივე ვთქვათ, ვაჯამურ ჰესმა და სხვა ჰესებმა უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება შეძლეს. შესაბამისად, როცა უკვე სიჭარბე შეიქმნა ელექტროენერგიის, შემდგომში ჩატარდა აუქციონები და ეს ენერგია გავიტანეთ თურქეთსა და სომხეთში.“- აცხადებს დავით ნარმანია