19 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ბრძანებით ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრსა და სამ ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესდა. მათ შორის არიან ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.
ალექსანდრე ჯაფარიძე
ქონება - 950 მილიონი დოლარი
პოზიცია Forbes Russia-ს რეიტინგში: 125
ასაკი: 65 წლის
ქონებრივი წყარო: ნავთობის მოპოვება და ინვესტიცია
მოქალაქეობა: რუსეთი
საცხოვრებელი ადგილი: მოსკოვი
განათლება: მოსკოვის ნავთობის ინსტიტუტი
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 5 შვილი
Forbes Russia-ს ცნობით, ამ მომენტისთვის ბიზნესმენის მდგომარეობა 950 მილიონ დოლარს შეადგენს. 2012 წელს ის „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში მოხვდა. საერთაშორისო გამოცემამ მისი მდგომარეობა კი 1,2 მილიარდი დოლარით შეაფასა.
1995 წელს მან დააარსა Petro Alliance, რამდენიმე წლის შემდეგ კი გაყიდა კომპანია. 2004 წელს მან შეიძინა „ლუკოილის“ შვილობილი კომპანია 130 მილიონ დოლარად და მის ბაზაზე ნავთობის მომპოვებელი კომპანია „ევრაზია“ დააარსა. ამ დროისათვის მასში 18 000 ადამიანია დასაქმებული. 2019 წლის მონაცემებით, კომპანიის მოგება 1,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
2015 წელს, გერმანულმა Schlumberger-მა „ევრაზიის“ აქციების 50%-ის შეძენის შესახებ განაცხადა, თუმცა გარიგება დასავლეთსა და რუსეთს შორის გაუარესებული ურთიერთობის გამო ჩაიშალა.
რაც შეეხება გიორგი ჯაფარიძეს, ისიც რუსეთის მოქალაქეა. გიორგი ჯაფარიძე საინვესტიციო ფონდ WinterSky-ის დამფუძნებელია. კომპანია მან ზელენსკის სანქციათა სიაში ასევე მოხვედრილი მამის, ალექსანდრე ჯაფარიძის კუთვნილი Eurasia Drilling-ის ყოფილ მენეჯერებთან ერთად შექმნა.
2014 წელს გიორგი ჯაფარიძის WinterSky-მ ბრიტანულ კომპანია SomaOil & Gas-ში 50 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. ამ უკანასკნელს სომალის მთავრობისგან გეოლოგიური კვლევის ლიცენზია აქვს.
2015 წელს ჰიუსტონში დაფუძნებულმა Coastline Exploration-მა, რომლის არააღმასრულებელი დირექტორიც ჯაფარიძეა, გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ Soma Oil and Gas-ის ბიზნეს-ამოცანების შესრულება თავის თავზე აიღო და სომალის შელფზე წარმოების გაზიარების შეთანხმებას (Production Sharing Agreement-PSA) მიმართა, რომელიც ნავთობმოპოვებას შეეხებოდა.
თუმცა მიმდინარე წლის მარტში ამ გარიგების ბოლო მცდელობა ჯაფარიძის კომპანიისთვის წარუმატებლად დასრულდა. სომალის ნავთობის მინისტრისა და ნავთობის სამმართველოს თავმჯდომარის ლობირების მიუხედავად, შეთანხმებას ვეტო ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაადეს.
გიორგი ჯაფარიძე მამის, ალექსადრე ჯაფარიძის ხუთშვილიან ოჯახში უფროსი შვილია.
იხილეთ ასევე: უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი დაასანქცირა