რუსული ბანკი „ტოჩკა“, რომელიც ოპერაციების ლარში განხორციელებას იწყებს, სანქცირებულია.
კერძოდ, 2022 წლის თებერვალსა და მარტში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბლოკირების სასანქციე SND-სიაში 10 რუსულ ბანკი და მათი შვილობილი კომპანიები შეიყვანა. „ტოჩკა“ მაშინ ბანკ „ოტკრიტიეს“ ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომლის ძირითადი აქციონერი, ანუ აქტივების 99%-ის მფლობელი სახელმწიფოა. ამასთან, 2 მარტს ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ბანკი სისტემა SWIFT-დანაც გაითიშა. ამდენად, სასანქციე სიაში „ტოჩკაც“ მოხვდა. მოგვიანებით „ოტკრიტიემ“ „ტოჩკა“ ბანკ „ტრასტს“ მიჰყიდა.
შეზღუდვების დაწესების შემდეგ „ტოჩკა“ კლიენტებთან მუშაობას განაგრძობს. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ფარგლებში ბანკის ბარათებზე ყველა ტრანზაქცია ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია, ხოლო საერთაშორისო გადარიცხვები და ანგარიშსწორებები არ ხდება. ასევე, შეუძლებელია ანგარიშიდან უცხოური ვალუტის განაღდება, რისთვისაც თანხის სხვა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა არის საჭირო.
2023 წლის იანვარში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა „ტოჩკა“ დამოუკიდებელ კომპანიად დაარეგისტრირა და მასზე უნივერსალური საბანკო ლიცენზია გასცა.
შეგახსენებთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმეწარმეთა რუსული ბანკი, „ტოჩკა“ ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ოპერაციები ლარში დაიწყო, რაც რუს მეწარმეებს საქართველოს კონტრაქტორებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. ამის შესახებ ბანკის პრესრელიზში არის ნათქვამი, რასაც რუსული ბიზნესჟურნალი Inc ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მანამდე „ტოჩკას“ კლიენტებს მხოლოდ რამდენიმე ქართულ ბანკში შეეძლოთ დოლარის, ევროს და რუბლის გაგზავნა, ამჟამად კი ლარში გადახდა ქვეყნის ყველა ბანკში გახდა შესაძლებელი. ამასთან, სხვა ქვეყნებში ფულის გადასარიცხად მეწარმეს უცხოური ვალუტის ანგარიშის გახსნა დასჭირდება, რისი გაკეთებაც, ბანკის ცნობით, ონლაინ და უფასოდ არის შესაძლებელი.
„ტოჩკას“ საგარეო ეკონომიკური საქმიანობისა და იმპორტის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა დავიდოვა აცხადებს, რომ „გასული წლის განმავლობაში, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2021 წელთან შედარებით, 52%-ით გაიზარდა და ამჟამად რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.“
„ამდენად, ჩვენ ახალი ვალუტის, ლარის ოპერაციებზე გადავედით, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთქმედების ტრენდს ხელს შეუწყობს,“ - აცხადებს დავიდოვა.
„ტოჩკა“ ოპერაციებს, ასევე, სხვა ვალუტებში, კერძოდ, იუანში, ლირაში, ტენგეში, დრამსა და დინარში ახორციელებს.
იხილეთ ასევე:
მოამზადა ლადო სულაბერიძემ