რუსეთში მზესუმზირის ზეთი იაფდება. ივნისის დასაწყისისთვის პროდუქტის საშუალო ფასი მსოფლიო ბაზარზე ტონაზე 740 დოლარამდე დაეცა და 2020 წლის მაისის დონეს მიუახლოვდა. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ფასები, შესაძლოა, საქართველოშიც შემცირდეს.
წლებია, საქართველო რუსულ მზესუმზირის ზეთზეა დამოკიდებული. 2023 წელს ბაზარზე მისი წილი თითქმის 87%-ს აღწევს. სწორედ ამიტომ, რუსეთში პროდუქციის გაიაფება საქართველოში ადგილობრივ ბაზარზეც აისახება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, რომ ქვეყნისთვის უმსხვილესი იმპორტიორიდან, რუსეთიდან შემოტანილი მზესუმზირის ზეთის საიმპორტო ღირებულება მართლაც იკლებს. კერძოდ, წლევანდელ 4 თვეში რუსეთიდან შემოტანილი 1 ტონა მზესუმზირას ზეთის ღირებულება 348 დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
მიმდინარე წლის 4 თვეში ქართველმა იმპორტიორებმა რუსეთიდან 8,872 ტონა მზესუმზირის ზეთი შემოიტანეს, რაშიც 10.9 მილიონი აშშ დოლარი გადახადეს. გამოდის, რომ 1 ტონის ღირებულება 1,233 დოლარი იყო.
გასული წლის 4 თვეში კი იმპორტმა 2,504 ტონა და 3.96 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, 1 ტონა მზესუმზირის ზეთის ღირებულება 1,581 აშშ დოლარი იყო.
ცნობისთვის, ზეთის საერთაშორისო ფასმა პიკს - ტონაზე 2,350 აშშ დოლარს - 2022 წლის მარტში მიაღწია, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მიწოდების შეფერხების საფრთხე გააჩინა. თუმცა მას შემდეგ ღირებულება იკლებს და Trading Economics-ის თანახმად, ამჟამად, ტონაზე 815 აშშ დოლარს შეადგენს.
პროდუქტზე ფასების კლებას მოთხოვნის შემცირება განაპირობებს. ომის დაწყების შემდეგ ბაზარზე პანიკა გაჩნდა და ბევრმა მოთამაშემ ერთწლიანი მარაგებიც კი დააგროვა. მას შემდეგ ვითარება კი დასტაბილურდა, თუმცა შესყიდვებმა იკლო. ერთი სიტყვით, ამ მომენტისთვის მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს.
რაც შეეხება რუსეთს, სეზონის დასაწყისიდან, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის მაისამდე ქვეყანამ 6 მილიონი ტონა მცენარეული ზეთი აწარმოვა, აქედან 4.3 მილიონი ტონა კი მზესუმზირას ზეთი იყო. წინა წელს წარმოებული 5.1 მილიონი ტონა მცენარეული ზეთიდან მზესუმზირას ზეთი 4 მილიონ ტონას შეადგენდა.
ამავე პერიოდში რუსეთიდან ნედლი მზესუმზირის ზეთის ექსპორტმა 2.6 მილიონი ტონა, ხოლო წინა სეზონზე, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ჩათვლით, 2.5 მილიონი ტონა შეადგინა. წლევანდელ სეზონზე რუსეთიდან პროდუქტის პირველი სამი იმპორტიორი ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთია.
უნდა ითქვას ისიც, რომ ივნისში რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი განულდა. გადასახადი მაისში ტონაზე 1,122 რუბლს (14 დოლარს) შეადგენდა.