იანვარ-მაისის შედეგების მიხედვით, საქართველომ რუსეთში ღვინის მიწოდებით იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა. ამის შესახებ ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებში წერია. ამ პერიოდში საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი, იტალიიდან კი 23,36 მლნ ლიტრი ნატურალური ღვინო შევიდა.
რაც შეეხება ქართულ სტატისტიკას, წელს იანვარ-მაისში ქვეყნიდან გავიდა 103,252 მლნ დოლარის ღირებულების 35 568 ტონა ღვინო, აქედან რუსეთში 69,009 მლნ დოლარის ღირებულების 25 235 ტონა. შესაბამისად, გამოდის, რომ მოცულობის მიხედვით რუსეთზე მოდის ქართული ღვინის ექსპორტის 71%, ხოლო თანხობრივად თითქმის 67%.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 ექსპორტიორი კომპანიის ჩამონათვალს, რომელმაც რუსეთში 2023 წლის იანვარ-მაისში ყურძნის ნატურალური ღვინოები გაყიდა: (წყარო - საქსტატი)
- სს ბადაგონი - reportal-ის 2021 წლის ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის ერთადერთი აქციონერია გიორგი სალაყაია. გენერალური დირექტორი კი, მარინა გიორგაძეა.
- სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (წყარო - reportal.ge), კომპანია 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის დავით დუგლაძე, წევრები ალექსანდრე ივანიშვილი და ეკატერინე დუგლაძე. „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანის“ მშობელი კომპანიაა შპს აისი ინკი. ამ უკანასკნელის 34%-იან წილს ფლობს ზაალ დუგლაძე, 33-33%-იანი წილის მფლობელები არიან დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი.
- შპს წინანდლის ძველი მარანი - კომპანიის 100%-იან წილს ნანი მენაბდიშვილი ფლობს.
- შპს Bolero & Company - რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი, გენერალური დირექტორი - ირაკლი ბექაური, დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი.
- შპს GVMT Group - კომპანია ეკუთვნის ზემოთხსენებულ რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქეს ვახტანგ კარიჭაშვილს, დირექტორი კი ამ შემთხვევაში, ლერი რაზმაძეა.
- შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი - კომპანიის 100%-იან წილს სს ჰარვესთ ალავერდი ფლობს. ეს უკანასკნელი 2019 წლის 6 აგვისტოს დაფუძნდა. 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის უშუალო მშობელი სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“ იყო, რომელიც კომპანიას მართვის ხელშეკრულებით აკონტროლებდა. სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“ სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი კომპანიაა. რაც შეეხება „ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდს“, მისი დირექტორია თეიმურაზ ჯანყარაშვილი.
- შპს ასკანელი ძმები - რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის 55%-ს ფლობს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძე, 45%-ს კი „ასკანელი ვაინერი & დისტილერი“. ამ უკანასკნელის 100%-იანი წილს კი ისევ გოჩა ჩხაიძე ფლობს.
- შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - წილის 25.66%-ს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს. 25.68% ეკუთვნის „ქართული ოცნების" კვოტით პარლამენტის წევრ ზაალ დუგლაძეს, რომლის წილის მმართველი დავით დუგლაძეა. დამოუკიდებლად 25.66%-ს ფლობს დავით დუგლაძეც. 23% კი მალხაზ ყანჩაველს ეკუთვნის.
- შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - კომპანიის 100%-ს ზურაბ ჩხაიძე ფლობს.
- შპს მეღვინეობა ხარება - კომპანიის 52.2%-იანი წილის მფლობელია მეღვინეობა ხარება, რომელიც ეკუთვნის შვეიცარიაში რეგისტრირებულ სს ინტელლეგენს ჰოლდინგ აგ, CH-ს. „მეღვინეობა ხარებას“ 42%-ს ფლობს შპს „საქართველოს მარანი“, რომელსაც იგივე შვეიცარული სს მართავს. 5%-ს ფლობს შპს ვაჩნაძიანი, 0.3%-ს - ვახტანგ ლიპარტიანი, 0.5%-ს კი ალექსანდრე ხარებავა.
ცნობისათვის, ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
იხილეთ ასევე: საქართველო რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანაა