ტყიბულის წყალსაცავში მდებარე სამიდან ერთ-ერთი კუნძული, რომელიც მუნიციპალიტეტმა მარტის დასაწყისში გასაყიდად ხელახლა გამოიტანა, საწყის თანხასთან შედარებით თითქმის 3-ჯერ ძვირად გაიყიდა.
ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გასაყიდად გამოტანილი იყო 21,421 კვადრატული მეტრის ფართობი, რომლის საწყისი ფასი შეადგენდა 120 000 ლარს. თუმცა საბოლოოდ კუნძული 79 ბიჯის შედეგად 357 000 ლარად გაიყიდა. აუქციონი 25 მარტს დასრულდა.
რაც შეეხება მყიდველს, როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მფლობელის ვინაობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მასთან ხელშეკრულება გაფორმდება.
დოკუმენტაციის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში, ახალმა მფლობელმა უნდა განახორციელოს ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია.
ამასთან, ახალ მფლობელს ევალება:
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის კუნძულების გასაყიდად სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა. სამივე აუქციონი 28 დეკემბერს დასრულდა. კუნძულების საწყისი ფასი ერთობლივად 2 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის გამო და აუქციონის წესების შესაბამისად, საბოლოოდ სამივე კუნძული 3,040 მლნ ლარად გაიყიდა.
მოგვიანებით, მესამე კუნძულის აუქციონის შედეგები ბათილად გამოცხადდა, რის შედეგადაც ტყიბულის მუნიციპალიტეტს ახლის გამოცხადება მოუწია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კუნძული წინა აუქციონზე 556 ბიჯის შედეგად 676 000 ლარად გაიყიდა.
იხილეთ ასევე: ტყიბულის წყალსაცავში კუნძული ხელახლა იყიდება - რა ღირს ქონება