„ქალაქში უნდა არსებობდეს გამჭოლი გზები“ - საცობების პრობლემის მოგვარების გზებზე კომენტირებისას „ბიზნესპრესნიუსთან“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ განაცხადა.
მანვე განმარტა, რომ გამჭოლი გზები არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ თბილისში საცობების პრობლემა მოგვარდეს. მელაძის თქმით, გულისხმობს ისეთ საავტომობილო გზებს, რომელზეც არ არის ისეთი შემაფერხებლები, როგორიცაა შუქნიშანი და სხვა.
„რამდენიმე რაღაც არის გასაკეთებელი: პირველი, უნდა არსებობდეს ქალაქში გამჭოლი გზები, რომელზეც არ არის შუქნიშნები და შემაფერხებლები, რომელიც ქალაქის ერთ ბოლოში გადის და ერთი უბნიდან მეორეში შემოდიხარ და გადიხარ. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ დიდ ცივილიზებულ ქალაქს პლანეტაზე, სადაც გამჭოლი გზები არ არის. ერთმანეთთან აცდენილი მაინც უნდა იყოს გზები“, - ამბობს მელაძე.
საცობების პრობლემას ამძიმებს ქალაქგანაშენიანების გამოწვევები და საპარკინგე სივრცეების არარსებობა ან სიმცირე საცხოვრებელ კორპუსებთან. მელაძე ამბობს, რომ ყველა შენობას, რომლის მშენებლობაც იგეგმება, უნდა მოჰყვებოდეს გეგმა, როგორ მოეწყობა საპარკინგე სივრცე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნებართვა არ უნდა გაიცეს.
„ქალაქდაგეგმარებას აქვს სერიოზული პრობლემები, რომ ავიღოთ ქალაქის ცენტრში მაღალსართულიანი შენობები ერთი მეორის მიყოლებით რომ შენდება და საპარკინგე სივრცეები საერთოდ არ აქვს, ან საკმარისი არ აქვს, მსგავსი ტიპის შენობების აშენებაზე ნებართვები არ უნდა გაიცეს, რაღაც სპეციფიკური მოთხოვნების ქვეშ უნდა იყოს. უნდა ჯდებოდეს ეს ქალაქის არქიტექტურაში, სხვადასხვა სიმაღლის და ფერის არ უნდა იყოს. თან ნებისმიერი მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა, უნდა იყოს დეტალური ინსტრუქცია იმისა, რომ საპარკინგე სივრცე უნდა ჰქონდეს“, - დასძინა მან.
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრა საკმარისი არ არის. მისი თქმით, აუცილებელია, რომ თითოეულ შენობას ჰქონდეს სატრანსპორტო კვანძების შესახებ გეგმა.
„მარტო საპარკინგე სივრცეც არ შველის სატრანსპორტო გეგმა უნდა მოჰყვებოდეს ზუსტი, როგორ აპირებენ ამ შენობაში შესვლა-გამოსვლას, ანუ საავტომობილო კვანძი როგორ შეერწყმება ცენტრალურ მოძრაობას ისე, რომ არ შექმნას საცობი. მსგავსი რაღაცები არ კეთდება, შესაბამისად ,რაც უფრო წინ მივდივართ, უფრო და უფრო მეტ პრობლემას ვქმნით საცობის მხრივ“, - აღნიშნა მევლუდ მელაძემ.
იხილეთ ასევე: „საცობების გაქრობა არ არის მერიის მიზანი“ - დიდგაბარიტებიანი მანქანების მოძრაობის შეზღუდვის ეფექტი