1.304 მლრდ ლარზე მეტი ხუთ წელიწადში - როგორია დონორი ორგანიზაციების წილი სახელმწიფო ტენდერებში

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორების მხრიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში 1.304 მლრდ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. ჯამში ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო უწყებების მიერ ჩატარებული 257 ტენდერი (DEP ტენდერები) სწორედ დონორების სახსრებით გამოცხადდა.

შესყიდვების სააგენტოს ანგარიშების მიხედვით, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი მსოფლიო ბანკია, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 151 ტენდერი ჯამში 784 197 554 ლარით დააფინანსა.

229 133 139 ლარის მოცულობის 34 ტენდერი გამოცხადდა და დაფინანსდა აზიის განვითარების ბანკის მიერ. 2019-2023 წლების განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებული 39 ტენდერი, ჯამში 164 143 617 ლარის მოცულობის ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა 98 267 974 ლარის 11 ტენდერი; ევროკავშირმა კი 2 041 592 ლარი გამოყო 5 ელექტრონული ტენდერის დაფინანსებისთვის.

გარდა ამისა, DEP ტენდერებით განხორციელებული შესყიდვები დაფინანსებული იყო სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ. სკანდინავიურმა ორგანიზაციამ 13 ტენდერი 17 469 419 ლარით დააფინანსა, IFAD-მა კი 9 311 483 ლარის 4 ტენდერი.

საერთაშორისო დონორების მიერ ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ხდება და როგორც ამ მონაცემებიდანაც ჩანს, მათი მონაწილეობა პროექტებში არც ისე მცირეა. იმ შემთხვევაში, თუ დონორების მიერ პროექტების დაფინანსება შეჩერდა, ცხადია, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე და საჯარო სექტორზე ნეგატიურად აისახება. შეჩერების ალბათობა კი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო, საკმაოდ მაღალია. ამაზე წერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის, CEE Bankwatch Network-ის დირექტორი მარკ მარტინი.

მარტინი ამბობს, რომ თუ მდგომარეობა იმავენაირად დარჩება, აქვთ მოლოდინი, რომ EBRD, სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, შეაჩერებს საჯარო სექტორის დაფინანსებას საქართველოში.

იხილეთ ასევე:

Bankwatch Network: EBRD-მა, ADB-იმ და WB-მა შესაძლოა, საქართველოს საჯარო სექტორის დაფინანსება შეაჩერონ