„ეარბასისა“ და „ბოინგის“ თვითმფრინავების სავარძლები შესაძლოა, თბილისის თიზ-ში დამზადდეს

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 30-მდე პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს როგორც გადამამუშავებელი, ისე სასაწყობე სივრცეები. აღნიშნული შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ზოტი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა, სოსო ნიბლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი განხორციელებული პროექტი, სამშენებლო ბადეების საწარმო, უკრაინული ინვესტიციით განხორციელდა. უკრაინულმა ინვესტიციამ 3 მილიონი ლარი შეადგინა და ამავე რაოდენობის ინვესტიცია განხორციელდა თბილისის თიზ-ის მიერ.

„საწარმომ აქტიურად დაიწყო მუშაობა და მის მიერ ხდება პროდუქციის ექსპორტი რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

გარდა ამისა, გერმანული ინვესტიციით განხორციელდა 1.5 მილიონ ლარიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც „ეარბასისა“ და „ბოინგის“ თვითმფრინავებისთვის სავარძლის დეტალები დამზადდა.

„ეს არის საპილოტე პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, კომპანია ფიქრობს, სავარძლების წარმოება დაიწყოს თბილისის თიზ-ში“, - აღნიშნა ნიბლაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1500 კვ.მ-ზე კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში მოეწყობა სასაწყობე გადამამუშავებელი სამეწარმეო ფართები. ნიბლაძის თქმით, საწარმო აღჭურვილი იქნება მაღალი ხარისხის კომუნიკაციებით.

„მოვიზიდეთ რამდენიმე პროექტი, სავაჭრო სექტორი აქტიურად მუშაობს. შემდეგი პროექტი ეხება სასაწყობო მცირე გადამუშავების სამეწარმეო ფართებს, პროექტს ინვესტორებს 4-5 თვეში შევთავაზებთ“, - დასძინა გიორგი ნიბლაძემ.

იხილეთ ასევე: „მასშტაბური პროექტი წლის ბოლომდე ჩაეშვება“ - თბილისის თიზ-ში არომატიზატორების ქარხანა ამუშავდება

მერი ტაბატაძე